ივანიშვილის რეჟიმი აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით პოლიციამ 6 დეკემბერს კიდევ 3 პირი, მათ შორის, 2004 წელს დაბადებული 20 წლის ლ.ჯ დააკავა.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ.-ს, 1971 წელს დაბადებული გ.ტ.-სა და 1998 წელს დაბადებული რ.კ.-ს წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 225-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნულ დაკავებულ პირებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მყოფ სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისვროდნენ". - წერია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, დღევანდელი მონაცემებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 26 პირი. მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებითაა აღძრული.
ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.
დაშავებულია 300-ზე მეტი დემონსტრანტი - უმეტესად, პოლიციის მიერ.
საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.
შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.
პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებს. სპეცრაზმმა ძალადობრივად შლის დემონსტრანტებს. დაშავებულია არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს ასეულობით მომიტინგე.
საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".
რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. დემონსტრაციები მიმდინარეობს ახლაც - თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პარალელურად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების ნაწილი განცხადებით ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების და აქციების დარბევის ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მიზეზად ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა.





