ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

როგორ აწამა ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრანტები - დაკავებულთა ისტორიები

სპეცრაზმი არბევს მშვიდობიან დემონსტრანტებს, 30 ნოემბერი, 2024

"ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარი სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი მამაკაცი, რომელიც აკონტროლებდა, ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო. მიკროავტობუსიდან გადმოსულებს, სანამ საპატრულო პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში წიხლებს" - ნათქვამია სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების განცხადებაში, რომლებიც აქციებზე დაკავებული მოქალაქეების უფლებებს იცავენ.

მას მერე, რაც ივანიშვილის რეჟიმმა დასავლეთისგან სრული თვითიზოლაცია გამოაცხადა, საქართველოს ქალაქებსა და ქუჩებში პროტესტმა იფეთქა. რეჟიმის ძალოვნებთან შეტაკებების შემდეგ სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ათეულობით მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკაში არიან ე.წ გაზის კაფსულის მოხვედრის შედეგად დაშავებული ადამიანებიც. 21 წლის ბიჭი, რომელსაც, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა სახის არეში მოხვდა ამ დრომდე სედაციურ ძილშია.

უფლებადამცველების განცხადებით, აქციებზე დაკავებულთა ნაწილმა წამება განიცადა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-1 მუხლი, რომელიც წამებას შეეხება განიმარტება როგორც "პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის".

ადამიანები, რომლებსაც რეჟიმი ფიზიკურად გაუსწორდა, ამბობენ რომ სპეცრაზმელები უმეტესად სამარშრუტო ტაქსებში სცემდნენ, ხშირად გონების დაკარგვამდე, ძირითადად ურტყამდნენ სახეში, თავში. 

არის კიდევ ერთი დეტალი, რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ საპოლიციო ძალებმა მათ პირადი ნივთები წაართვეს, მოპარეს ძვირფასეულობა. ერთი მოქალაქე იხსენებს, რომ სპეცრაზმელს მისი ფეხსაცმელი მოეწონა, ცემის შემდეგ გახადა და წაიღო.

ამ სტატიაში შევეცდებით გადმოვცეთ აქციაზე ნაცემი მოქალაქეების ისტორიათა ნაწილი, რომელსაც თანდათან განვაახლებთ.

რას ჰყვებიან მოქალაქეები?

 

ლაზარე მაღლაკელიძე, კადრი ვიდეოდან/საზოგადოებრივი მაუწყებელი

"სპეცრაზმელები ერთმანეთს ეუბნებოდნენ შევიკავოთ თავი, სანამ არ შევალთ მოფარებულში. გადაამოწმეს, რომ ადგილზე არ იყვნენ ჟურნალისტები და დაიწყეს ჩემი ცემა. საკუთარი საწვიმარი მეცვა, პონჩო და თავზე გადამაფარეს. 2 ადამიანს ვეჭირე ხელებში დანარჩენები მირტყამდნენ სახეში. რამდენი ადამიანი მირტყამდა და რას არ ვიცი. ამის შემდეგ, რაღაც მომენტში გონება დავკარგე. ცოტახანში რომ გამოვფხიზლდი, მერე კიდევ გადამაფარეს და კიდევ გააგრძელეს ცემა. ამის შემდეგ, [მანქანაში] შეგვყარეს მე და კიდევ სამი ადამიანი. ჯერ ერთი რაუნდი გვცემეს, გავიდნენ და დაახლოებით 30 წამში დაბრუნდნენ. შემოვიდა 5-მდე სპეცრაზმელი, ჩააქრეს შუქი და სიბნელეში გვცემეს.... რომ გამოვფხიზლდი კაი ნაცემი ვიყავი და საერთოდ ეს პონჩო რაც მეცვა, ვთხოვე გამეხადა, რადგან სავსე იყო სისხლით. გავიხადე სისხლმა ჩამოწვეთა დაიწყო", - ამბობს ლაზარე მაღლაკელიძე და ასევე იხსენებს:

"ასევე, შეგვყარეს სამარშრუტო ტაქსში. შემდეგ იქ "ლაითად" გვცემეს - გვირტყეს, დაგვამცირეს. დაგვემუქრნენ - "დუბინკით" გაუპატიურება - ყველანაირი ტიპის დამცირება, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. გინებაზე ლაპარაკი აღარც არის [...] ჩასხდნენ მანქანაში, შუქი ჩააქრეს და ჩვენი ცემა დაიწყეს. შუშებიც დაბურული იყო და არაფერი ჩანდა. თავში რამდენჯერმე რომ დამარტყეს, გონება ისევ დავკარგე. როცა გონზე მოვედი და შუქი ანთებული იყო, საწვიმარში ჩემივე სისხლით იყო გუბე დამდგარი"

"როცა დამიჭირეს, პირველი რაც გავაკეთე, ძირს დავწექი და თავზე ხელები დავიფარე. ძირს დაწოლილს რამდენიმე წიხლი მომხვდა, რაც რამე მქონდა ჯიბეებში, ყველაფერი ამომაცალეს, საფულე, ტელეფონი... ყველაფერი. ჩანთაც მეკეთა, რომელიც ვერ მომხსნეს და შემომახიეს - რომ გითხრა, იმ ჩანთაში რამე ღირებული მედო-თქო, უნდა მოგატყუო, შარვალი მედო, საწვიმარი, ჟაკეტი, წყალი, სასუსნავები, დამტენი, ტელეფონის ელემენტი. ამ ძარცვის მერე წამომაყენეს და გადამიყვანეს იქვე, სადაც მანქანები ჰყავდათ გაჩერებული.
გადაყვანის დროს ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ჯერ არ დაარტყათ, კამერებიაო და ეძებდნენ იმ სამარშუტოებს, რომელიც საცემრად აქვთ - გეცოდინებათ, სკამების დიდი ნაწილი ამოცლილია, რომ სივრცე იყოს და შიგნით ხალხი ცემონ.
ეს არ არის რომელიმე სპეცრაზმელის სპონტანური გადაწყვეტილება ან უცბად ადგილზე გამოგონება: ყველა სპეცრაზმელმა იცის, რომ ვისაც დააკავებენ, იქ უნდა შეიყვანონ, ცემონ და ასე ვთქვათ "დაამუშავონ". ამას კითხულობდნენ, აბა, სად არის, ერთმანეთს უთითებენ, იქ მიიყვანე და დაელოდე, ყველა სპეცრაზმელმა იცის, რაც უნდა ქნას. [სპეცნაზელები] დაკავებულების ამბავს რო გაიგებენ ხორხოცი იწყება, გართობა -ახლა მოგიყვანთ ფორმაში, **კში დუბინკას დაგიყენებთ, ამით გაგაუპატიურებთ და ასე შემდეგ.... შეურაცხყოფაზე და გინებაზე აღარც ვლაპარაკობ", - წერს 2 დეკემბერს გამთენიისას რესპუბლიკის მოედანთან დაკავებული ლაზარე მაღლაკელიძე.

დავით ჯალიაშვილი, კადრი ვიდეოდან/ფორმულა

"დარბევის როს ვცდილობდი რომ დავხმარებოდი ხალხს და გამომეყვანა ისეთ ადგილას სადაც არ დაიჭერდნენ, ამ დროს მე დამიჭირეს... კორიდორში გამატარეს, დამიწყეს გინება, რტყმა, სანამ მიმიყვანეს მიკროავტობუსამდე მირტყამდნენ მუშტებს, წიხლებს. აღმოჩნდა, რომ მიკროავტობუსში იწყება მთელი დამუშავება, იქ იყო ერთი ადამიანი, დაგვიხურეს კარი. შემოვარდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და დაგვიწყეს უსასტიკესად გასწორება. დაგვაგდეს ძირს, გვირტყეს წიხლები სახეში, ცხვირში, თავში, ნეკნებში. ჯამში ალბათ 50-მა ადამიანმა დამარტყა ხელი, მონაცვლეობით შემოდიოდნენ 5-5 კაცი. ჩემზე მეტად ეგენი შემეცოდნენ ბოლოს, ფეხსაცმელები დამინახეს, რა კაი ფეხსაცმელი გაცვიაო და გამხადეს და წამართვეს" - იხსენებს დავით ჯალიაშვილი.

ზვიად მაისაშვილი, კადრი ვიდეოდან/TV პირველი

"ერთი პოლიციელი შემხვდა, რომელმაც დამარტყა და დამაგდო ძირს, მერე გარშემო ყველა მხრიდან პოლიციელი მირტყამდნენ, რომელიც კადრებში არ ჩანდა ეგ მომენტი, მაგ მომენტში გავითიშე როცა მირტყამდნენ. კადრებში რაც ჩანს მაგ მომენტში უკვე გათიშული ვიყავი. რომ ვდგები ძირს ეგ მომენტი საერთოდ არ მახსოვს. უცებ კიდე მირტყამს ის პოლიციელი ჯერ ქუსლს მირტყამს ერთი და მერე მეორე კიდე მირტყამს", - ამბობს ზვიად მაისაშვილი, ბიჭი ცნობილი კადრებიდან, რომელსაც სპეცრაზმელმა სახეში წიხლი ჩაარტყა.

ავთანდილ ტიტვინიძე /facebook

"მოკლედ ჩემი ისტორია ვისაც გაინტერესებთ, 29-ში ჩავთვალე უკვე რო აღარ მქონდა მორალური უფლება ასეთ გაურკვევლობაში ვყოფილიყავი და რომელი მხარე იყო სწორი ზუსტად არ მცოდნოდა, ამიტომ მოვხვდი ეპიცენტრში სიტუაციის და დავიწყე ანალიზი.

დავასკვენი…
იმაზე დიდ ტყუილში გვიცხოვრია ვიდრე მეგონა, საერთოთ ეს ქვეყანა ტყუილზეა აშენებული და ამის მოწესრიგების გარეშე არაფერი გამოვა. ქვეყანა სადაც ნაციონალური მოძრაობა არაა ნაციონალური და ქართული ოცნება არაა ოცნება, ქვეყანა სადაც კანონის შემდგენი და დამცველი თითონ არ იცავს კანონს, ქვეყანა სადაც თვალში ნაცარს გაყრიან.

მე დავეჯახე ამ უსამართლობას სადაც სამართალი არ არსებობს ,ჩამაყენეს ჩიხში, ეს იყო ყველაზე მტკივნეული და არა ის მუშტები და ხელჯოხი, ეგენი არც მიგრძვნია ოდნავ არ მტკენია, მე მხოლოდ გული მეტკინა და მივხვდი ვისი პროპაგანდა იტყუებოდა.

ეს ცხვირიც გაივლის, 13-ში გადადებული უსამართლო სასამართლოც ჩაივლის, მე კი ათმაგად ვიზრუნებ მატყუარებისგან დავიცვა ქვეყანა, რომელ მხარესაც არ უნდა იყვნენ ისინი, თუნდაც დუმილის მხარეს….

თვალები წყლით მევსება როდესაც თქვენს ასეთ დამოკიდებულებას ვხედავ, არავის შეგეცოდოთ მორალურად ჩემ თავში დაჯერებული და გააზრებული ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ, კიდევ ერთხელ მადლობა თანადგომისათვის და კარგად ვარ არავინ იდარდოთ", - წერს ავთანდილ ტიტვინიძე.

საბა ქევხიშვილი / სოციალური სამართლიანობის ცენტრი

"საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ იძალადეს. ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მას დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში - ცხვირის და ყბის ძვლების, ასევე თვალბუდის მოტეხილობისა და ტვინის შერყევის სახით.

სპეცრაზმის მიერ საბა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მშვიდობიანი აქციის დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების, მათ შორის დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის გამოყენება. აქციის მშვიდობიანი ხასიათის სადემონსტრაციოდ, ქევხიშვილი პროტესტის მონაწილეებს გამოეყო და რუსთაველზე სპეცრაზმის თანამშრომლების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდა.

ტელევიზიების პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ საბა ქევხიშვილს ერთ-ერთი სპეცრაზმელი გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რას აპროტესტებდა, რის შემდეგაც საბამ მას საკუთარ მობილურში აქციის კიდევ ერთი მონაწილის ზვიად მაისაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ცემის ვიდეოს აჩვენებს და ეუბნება, რომ ძალადობაზე ვერ შეთანხმდებიან. ამ ეპიზოდის შემდეგ, საბა ქევხიშვილთან კომუნიკაციაში მყოფი სპეცრაზმის თანამშრომელი, სავარაუდოდ დაჯგუფების ხელმძღვანელი, ქევხიშვილის დაკავების გადაწყვეტილებას იღებს.

საბას თქმით, დაკავების შემდგომ, ის ქაშვეთის მიმდებარედ მდგომ მიკროავტობუსში ჩასვეს, სადაც სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი მას უწყვეტად, მონაცვლეობით სახის, კეფისა და მთელი სხეულის არეში უმოწყალოდ ურტყამდა. ძალადობის პარალელურად, დაკავებულს ემუქრებოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, კიდევ გამოვიდოდა თუ არა აქციაზე. დაკავებისას მას წაართვეს მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები", - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ირაკლი წულაია / facebook

"7-მა სპეცრაზმელმა გამიტაცა მირტყეს უმოწყალოდ, ჩემი ძმა გადამეფარა და შემდეგ ჩემ ძმაზე გადაერთნენ, შეგვაგდეს მანქანაში და იქაც მაგრად გვირტყეს, 48 საათი გავატარეთ დროებით იზოლატორში, არ წამიყვანეს საავადმყოფოში, დღეს მთელი დღე სასამართლოში ველოდები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას და ღამის სამ საათზე გადამიდეს იმ მოტივით რომ დამიმძიმონ მუხლი და სამშაბათს გაიმართება სხდომა! ერთადერთი იმას ვნანობმ რომ ეს ორი დღე არ ვიყავი თქვენთან ერთად, გადავივლებ და მოვდივარ! ცემას კი არა ცხოვრებასაც გავიღებ ამ ბრძოლისთვის!", - წერს ირაკლი წულაია. 

"დავუძახე ამ ბიჭებს,რომ მეთქი 90-იან წლებში ლაფატკებით ხოცავდნენ აქ ბიჭებს, ქართველების ხელით კიდე ეს სკოლა დაწვეს და ყველაფერი გაანადგურეს ამ ქალაქში და ბიჭებო, თქვენი ხელით ნუ იზამთ ამას-მეთქი. მე რუსების დედა-მეთქი. ეს დამთავრებული არ მქონდა, შემოვტრიალდი და დამესხა ერთი 15 კაცი.  გამაკავეს ხელებით, ფეხებით, მირტყეს, მახოხეს, გზადაგზა მიმათრევდნენ და მირტყამდნენ.  

ვუთხარი ჟურნალისტი ვარ, ნუ მიშლით ხელს, ჩემი ბლოგისთვის ვიღებდი რაღაცებს, რაის ჟურნალისტი ხარ, შენ ბევრს რომ ლაპარაკობ ტელევიზორში ეგ ხარო და კიდევ უარესად მიტყეს. 

ჩემი ძმა მოვიდა გადასარჩენად, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუ იჭერთ დაიჭირეთ, რაღას ურტყამთო, შენ რამდენს ლაპარაკობო და ორივეს შეგვედნენ და გვათრიეს მაგათ მიკროავტობუსამდე. იქაც გვირტყეს ფეხებით, ხელებით, მერე ჩაგვიკეტეს კარი, იქაც 3 ბიჭი მოიყვანეს გასისხლული, მათაც მაგრად ურტყეს, ჯოჯოხეთში ვიყავით", - იხსენებს ირაკლი წულაია ტაბულასთან

დათა ხარაიშვილი

"რამდენიმე სპეცრაზმელი რამდენიმე ადამიანს სცემდა [...] თითოეული სპეცრაზმელი თან იმას უღებდა, ვისაც თვითონ სცემდა - ძირითადად, სურათებს უღებდნენ. ხარება კი უეჭველად ვიდეოს იღებდა, რადგან ტელეფონი სტატიკურად ეჭირა და აშკარად ეტყობოდა, რომ ვიდეოს იღებდა [...] ჩვენ გვაიძულებდნენ, გვეთქვა - ხარებას გაუმარჯოს. თუ არ იტყოდი, მოვიდოდნენ და ჩაგარტყამდნენ", - ამბობს დათა ხარაიშვილი.

მიშა მეტრეველი / facebook

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტე დეტალურად გესაუბროთ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე:

3 დეკემბერს დაახლოებით 01:00-02:00 მდე როდესაც ვიმყოფებოდი მშვიდობიან აქციაზე, ბესიკის ქუჩაზე გამოჩნდნენ გდდ ს (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი) შავნიღბიანები რომლებსაც დაკავების დროს მოვუწოდე, რომ ჩავბარდი და არ ვაპირებდი წინააღმდეგობის გაწევას, მიუხედავად ამისა დაიწყეს ჩემი ჩხრეკა და არაპროპორციული ძალის გამოყენება.

ერთ-ერთი მათგანი გამოეყო და მოუწოდა, რომ არ გაეგრძელებინათ ჩემზე ფიზიკური ზეწოლა, რადგან მიმდებარე კორპუსებიდან ყველაფერი ჩანდა, შემდეგ მოხდა ჩემი მოთავსება 112 ის კუთვნილ სატვირთო ავტომობილში (Ford Transit) სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად დაიწყეს ჩვენი "დასჯა".

ფიზიკურად გვისწორდებოდა 6 შავნიღბიანი ერთდროულად და შემდეგ სცადეს ვიდეოს გადაღება, სადაც მოგვთხოვეს გვეთქვა ფრაზა: "ხარება მაგარი კაცია" რაზეც მტკიცე უარი მიიღეს ჩვენგან და ფიზიკური ანგარიშწორება კიდევ 2 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა.

ფიზიკური ანგარიშწორების შემდეგ გადაგვცეს საპატრულო ეკიპაჟს და მოხდა ჩვენი გადანაწილება სხვადასხვა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში.

იზოლატორში 30 საათიანი ყურყუტის შემდეგ გადაგვიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მხოლოდ აქციის მონაწილეების საქმეები განიხილებოდა და ყველას ერთნაირად შეთხზული სცენარით დებდნენ ბრალს და უსჯიდნენ 7 დღემდე პატიმრობას.

წინასწარი დაკავების იზოლატორებში თავისუფალი ადგილები აღარ იყო და უწევდათ სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილება.

ეს უნიჭოდ დადგმული "საპნის ოპერა" მალე დასრულდა სადაც არ ფიგურირებდა დაკავებულ ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და ყველა დამნაშავედ გამოგვიყვანეს.

48 საათი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმის დასანახად, თუ რამხელა ჭაობშია დღეს ჩვენი ქვეყანა, სახეწაშლილი ინსტიტუტებით, ძალაწართმეული მოსამართლეებით, დაშინებული პოლიციის თანამშრომლებით რომლებიც ერთიდაიგივე მესიჯბოქსით მანიპულირებენ", - წერს მიშა მეტრეველი. 

ცოტნე კობერიძე

"რტყმით, მირტყეს, დაკავების მერე რომ გამჩხრიკეს, რაღაც ფოტო გადაიღეს ჩემთან, გგულშემატკივრობთო დამცინოდნენ, აბა ქვეყანას როდის უნდა უშველოო, და მერე რომ უთხრა პოლიციამ უნდა გადავიყვანოთო მაგ დროს გამიყვანეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, გზის შუაში დამაყენეს და იქ მცემეს, დაახლოებით 1 წუთი მირტყამდნენ. მერე ვინც ჩემ დამკავებლად გაფორმდა იმ ბიჭმა იყოჩაღა და რაღაცა მიშველა, აქ პოლიციაში კარგად მომექცნენ", - ამბობს გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი, ცოტნე კობერიძე.

საბა ბრაჭველი / facebook

"ჩიტაძეზე გადამიღო რამდენიმე პოლიციელმა ფოტო/ვიდეო, ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა, მოვშორდით აქაურობას, ჭიჭინაძე/ინგოროყვაზე ავედით და იქ ჩვეულებრივად დგომის დროს, სპეცრაზმიდან მინიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს. მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი წესრიგშია, წარბს და ლოყას რა უშავს. [...] ერთი დეტალიც, რაც ახლა მითხრეს: როცა მესროლეს და მე თვალები დამეხუჭა და ჩავიკეცე, ამ დროს გდდ-ს სპეცრაზმიდან გამოვარდნილა ერთი რობოკოპი ჩემს გასათრევად. ანუ მარტო ტყვიის სროლა და დაზიანება კი არა, წაყვანაც უნდოდათ. ჩემს გვერდით ერთი ადამიანის გარდა არავის ვიცნობდი, მაგრამ ამ უცნობ ხალხს დავუცვივარ რობოკოპისგან, როგორც მანამდე, ჩიტაძეზე ვიცავდით სხვებს.
ჰოდა ეს სოლიდარობა და ერთმანეთის გატანა მოგვაგებინებს. ვინ გვიგდია შავფორმიანი კაცუნები ხალხო", - წერს საბა ბრაჭველი. 

"როცა მაკავებდნენ, ხელი არ გამინძრევია. დამაკავეს, წამიყვანეს და უკვე პარლამენტს რომ გავცდით, მათთვის სამშვიდობო ადგილზე რომ გამიყვანეს, ვიღაცას ბეისბოლის თამაში მოუნდა და სახეში ბეისბოლის ბიტასავით ჩამარტყეს [...] თავიდან, სისხლის მოსაწმენდად ნასკი მომაწოდეს. შემდეგ, ჩემი როლინგი მომაწოდეს [...] ეს ქვეყანა არ არის", - ამბობს აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე.

კადრი ვიდეოდან/TV პირველი

"დანახვით არავინ დამინახავს, იქიდან გამომდინარე, რომ სპეცრაზმელებს არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ აქვთ - არც სახელი და გვარი და არც რაიმე ციფრი [...] აქციის მონაწილეებს აკავებენ, შემდეგ კი ფიზიკურად უსწორდებიან - ცემის კორიდორს გადიან. მერე მე სირცხვილის კორიდორიც გავიარე, მთელ ქუჩაზე, შეძახილებით", - ამბობს აქციაზე დაკავებული.

დათო ოქრუაშვილი / მთავარი არხი

"ძალიან სასტიკად მცემეს, ის მოწოდება, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია, საითაც წავედით იმ ქუჩაზე უკნიდან მოვიდა მერე სპეცრაზმი ისევ, უბრალოდ ვერსად ვერ წავიდოდით. იქ დგომა უკვე საკმარისი იყო, არ აქვს მნიშვნელობა ქვას ისროდი, ბოთლს ისროდი ან უბრალოდ იდექი, იქ არსებობა ადამიანის იყო საკმარისი, რომ ასე უმოწყალოდ ეცემე ადამიანს, სპეცრაზმელს, რობოკოპს, ბიორობოტებს უფრო ჰგვანან, რომლებსაც მოსწონთ ადამიანების ცემა, მეტი არაფერი.

როცა ვმოძრაობდი და ვცდილობდი ტერიტორიას განვრიდებოდი დამიჭირეს, სპეცრაზმელმა ნიღბიანებმა და დამიწყეს ცემა, პირდაპირ ერთი ხუთი ადამიანი მცემდა გარშემო, მაგ დროს გავითიშე, როცა გამოვფხიზლდი მიმათრევდნენ, მერე კიდევ გავჩერდით, გამაჩერეს, რა გიდევს ჯიბეებშიო. იქ კამერები სამწუხაროდ არ იყო იმიტომ რომ ქვევით ვიყავით პატარა სკვერივითაა, ქვევით ვიყავით, კამერები არ იყო, ამ დროს ამომაცალეს ჯიბიდან ყველაფერი ტელეფონი, სახლის გასაღები, მანქანის გასაღები, მხოლოდ საფულე დამიტოვეს და გამომიშვეს პარლამენტის უკან იმოძრავეო. დავიწყე მოძრაობა რა დროსაც მერე სხვა სპეცრაზმელებმა დამიჭირეს, კორდონში შემაგდეს პარლამენტის უკან, იქაც რამდენჯერმე მომარტყეს, კორდონის გატარება ალბათ იცით რა არის.

პოლიციას გადამცეს, პოლიციამ არ იცოდა რა ექნა, იმიტომ რომ რაზე დამიჭირეს, რატომ მცემეს, არანაირი ის არ ჰქონდათ, განყოფილებაშიც რომ გადამიყვანეს არ იცოდნენ რა დაეწერათ, დამიწერეს არ დამორჩილება მოწოდებაზე.

თვალის არეში დაბლა ძვალი რაც გვაქვს მაგის მოტეხილობა მაქვს. იმდენი მირტყეს ისე უმოწყალოდ, ამის ოპერაცია გამიკეთეს. 29-ში რომ მცემეს 30-ში უკვე დილის საათებში გამიკეთეს ოპერაცია საავადმყოფოში. ყურის უკანაც სისხლჩაქცევები, თავის არეში სისხლჩაქცევები, გვერდში კიდევ დიდი დალურჯება მაქვს" - იხსენებს აქციაზე დაკავებული, დათო ოქრუაშვილი.

ბექა ბერაძე / რადიო თავისუფლება

"როგორც კი შევუხვიეთ, ბევრი პოლიციელი შემოგვეხვია, დაგვაშორეს ერთმანეთს. თავიდან მე გამწიეს. დავინახე, ჩემი ძმა ჰყავდათ შიგნით. რომ ვეკითხებოდი, რატომ გყავთ და გამოუშვით-მეთქი. მიპასუხეს, რესპირატორი ვუპოვეთო. რესპირატორი რა კრიმინალური ნივთია, არ ვიცი... რაღაც მომენტში მოსწყინდათ ჩემთან ლაპარაკი და მოთხოვნა, ჩემს ძმასთან მიმიშვით-მეთქი და [თქვეს], ესეც დააკავეთო. ჩემი ძმაკაცი არ მინახავს იმ წუთას. იქვე დამაკავეს, შემბოჭეს და წამიყვანეს კანცელარიასთან. უკვე იქიდან იყო ეს „დერეფანი“ - დაცინვა, დარტყმა. „შენი ჟურნალისტი დედაო“, - მანამდე ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. კარგად მცემეს... შავ მიკროავტობუსში შემაგდეს. იქ ექვსი ნაცემი [ადამიანი] იყო ჩემ გარდა და იქაც მაგრად გვირტყეს. 40 წუთი გრძელდებოდა ტერორი და დარტყმა", - ამბობს რადიო თავისუფლების პროდიუსერი, ბექა ბერაძე.

ალექსანდრე ქეშელაშვილი / პუბლიკა

"რომ დავინახე, ესენი გამოცვივდნენ, ვიფიქრე რომელიმე მოქალაქის დასაკავებლად, დავიწყე უკან სვლა და ვცდილობდი გადამეღო უფრო უსაფრთხო სივრციდან, როცა წამავლეს ხელი და აღმოვჩნდი მათ ცენტრში და მაშინვე დამიწყეს ცემა. ვყვიროდი, რომ ვარ ჟურნალისტი, თუმცა მალევე გავიგონე, ჰოდა ჟურნალისტი რომ ხარ, შენი ასე და ისეო, შემაგინეს. მაგ დროს ჩამარტყეს და გავაცნობიერე, აზრი არ ჰქონდა, ვინ ვიქნებოდი, რა პროფესიის და რომ დაცული უნდა ყოფილიყო ჩემი უფლებები. მათთვის მთავარი იყო, რომ ვიღაც ეცემათ, თან დიდი მონდომებით.

ცოტა ხანს მატრიალებდნენ აქეთ-იქით, მირტყამდნენ მუშტებს, ცდილობდნენ, წაეგლიჯათ ყველაფერი. მე მეკეთა ამოსაცნობი ნიშნები, ჩაფხუტი, აირწინაღი, მქონდა დიდი პრესბარათი, ორი ფოტოკამერა, რომლებიც წამართვეს. ჩამომგლიჯეს პრესბარათი, მომაგლიჯეს აირწინაღი, ცდილობდნენ, რომ ჩაფხუტი მოეგლიჯათ, ეტყობა სტკიოდათ, ჩაფხუტს რომ ურტყამდნენ. მერე ცემის კორიდორი გააკეთეს, წამიყვანეს დასაკავებლად და ამ კორიდორშიც მირტყამდნენ აქეთ-იქიდან. რამდენჯერმე ჩავიკეცე, ვცდილობდი, არ დავცემულიყავი. ვხედავდი, რომ უკნიდანაც მორბოდნენ, რომ ჩაერტყათ. იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო, გამეძლო, რაც შეიძლება, მეტხანს გამეძლო. როცა ვიფიქრე, რომ ყველაფერი მორჩა, ავიხედე და მაშინ მომხვდა ყველაზე მძიმედ ხელი. დავეცი, გავითიშე რამდენიმე წამით. მერე დავინახე, რომ სახეში ფეხი ჩამარტყეს.

მერე ამათრიეს და პარლამენტის უკან გამიყვანეს. რომ გამოვფხიზლდი, მახსოვს, ის ვთქვი, რომ მეტი აღარ შემიძლია, ნუ მცემთ, უბრალოდ დამაკავეთ-მეთქი. განყოფილებაში დაგვხვდნენ ექიმები. ექიმებმა რომ შეგხვედეს, მოითხოვდნენ, რომ ვიყავით სასწრაფოდ გადასაყვანი. ერთ-ერთი დაკავებული ითიშებოდა, მე სისხლდენას ვერ მიჩერებდნენ, ცხვირი მქონდა ცუდ მდგომარეობაში, თავიც სისხლიანი მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ მალე გადამიყვანეს, ხელბორკილიც არ მომხსნეს დიდხანს, წყალიც არ მოუწოდებიათ. დაიწყეს ჩემი გაფორმება, მომცეს ოქმი, სადაც ეწერა ,,აღიარებითი ჩვენება” , თითქოს მე ვიგინებოდი ხმამაღლა და პოლიციას ვაყენებდი შეურაცხყოფას. ასეთი რამე ტყუილია, ხელი არ მოვაწერე და ამის მერე გადამიყვანეს კლინიკაში", - ამბობს პუბლიკის ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი.

ნათია ბუნტური /facebook

"ჩოჩქოლისას, როცა წავბორძიკდი და ხალხი უკან გაიქცა მგონი სამმა რობოკოპმა წამომაყენა, “წამო, წამო, გაგიყვანოთ აქედანო”. მე შტერს და მიამიტს მეგონა რომ რაღაც ძალიან საშინელება ხდება უკან და ესენი მარიდებენ, მშველიან… თუმცა ვერ გავექცეოდი რომც შემძლებოდა რადგან შემეშინდა მათთან ერთად რომ აღმოვჩნდი. წამოყენებისას ვთხოვე რამდენჯერმე გთხოვთ ოღონდ არ დამარტყათ თქო. გამიყვანეს გვერდით ქუჩაზე, იქ სადაც მათი მხარე იყო და მხოლოდ ისინი იყვნენ განლაგებული, ვიდექით შენობის კედელთან, მე და დაახლოებით 4 მათგანი ჩემს გარშემო. მკითხეს მანქანა სად მყავს, მეგობრები სად მყავს, მითხრეს რომ სახლში წავიდე და ასე შემდეგ, წინ მდგომს ვპასუხობდი რაღაცას მსგავს თემაზე, სრულებით არ მეგონა რომ რამე ცუდს მიპირებდნენ და ბამ თავში მარჯვნივ მდგომისგან, საუბრის დროს პაუზაში, არსაიდან, ორჯერ. წამსკდა ცხვირიდან სისხლი, ენა ჩამივარდა ვერაფერი ვთქვი და ვერაფერი ვქენი და უკვე მივხვდი რაც გააკეთა. მალევე გამიყვანა ერთერთმა მათგანმა და ჩამაცილა ჩემებისკენ. ვიცი ეს მცირე შემთხვევაა ძალიან სხვებთან შედარებით, მაგრამ ის რომ ადამიანებმა წამომაყენეს, გამიყვანეს და მერე თავში მირტყეს, ამაზე აზრს უბრალოდ ვერ ვკრებ. ბედნიერი ვარ რომ მარტო აღმოვჩნდი იქ ბიჭების გარეშე, რომლებიც ახლა ციხეში იქნებოდნენ. გთხოვთ არ დარჩეთ მარტო და ფრთხილად იყავით. ყველაფერი კარგად იქნება მალე და დასრულდება ეს ჯოჯოხეთიც!", - წერს ნათია ბუნტური. 

"ფეხი მომტეხეს, მირტყეს ყველა, აპარატი მომწყვიტეს და წამართვეს, ხალხმა ძლივს მიმათრია სასწრაფომდე", - წერს გიორგი გამგებელი.

 

"...მანქანიდან გადმომათრიეს. ღვედი არ მქონდა მოხსნილი და მომიჭირა [ყელზე]. მანქანაში მედო ჩანთა, რომელში მქონდა პირადი ნივთები, ლეპტოპი, მობილური ტელეფონი და საფულე. ეს ჩანთაც აიღეს, სანამ რაღაცებს მეკითხებოდნენ, თვალი მოვკარი, რომ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ამოიღო ლეპტოპი და მერე სად გაქარა არ ვიცი. ეს ნივთები არ პოლიციისთვის გადაუციათ, არც ჩემს საქმეში არ ჩანს. 

მანქანიდან რომ გადმომიყვანეს ძირს დამაგდეს, მირტყამდნენ, თან იძახდნენ აქ კამერებია და ცოტა ისე ვქნათ, მარშუტკამდე მივიყვანოთო, ერთმა 5-მა კაცმა ხელში ამიყვანა და წამათრიეს მანქანაში. მარშუტკაში შემიყვანეს, ერთი პარტია მცემეს, მაგინეს და ეს 5 სპეცრაზმელი რომ გავიდა, დაახლოებით, 3-5 წუთში მოვიდნენ სხვები. 3 კაცი იყო, რომლებიც მემუქრებოდნენ, ახლა შენ არ იცი რას გიპირებთო, ვინმეს მოიყვანეთ, ვინც ამას თავზე დააფსამსო. რაღაცა მეტსახელი თქვეს, ახლა ეგ მოვა და ტრა*ში გიხმარსო. მაგინებდნენ, მირტყამდნენ ეს გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთი, რომ მობეზრდათ, წავიდნენ და მოვიდნენ ის სპეცრაზმელები, რომლებმაც დამაკავეს და იმათ გააგრძელეს. 

გირჩის მხარდამჭერი ვარ, 36 ნომრის, რომ დაინახეს გირჩის ჰუდი მეცვა დაიწყეს - ჯაფარას აგინეო, თორე წიწაკის სფრეის შეგასხამთ სახეშიო, რაზეც არაფერს ვპასუხობდი, მეთქი ცოტა ხანში მორჩებიან ჩემს ცემას დამაკავებენ და გამიშვებენ. არაფერს რომ არ ვიძახდი, თავი ამაწევინეს და სახეში შემასხეს წიწაკის სფრეი. მერე კიდე ცოტა მირტყეს, ისევ გავიდნენ და დაახლოებით 5 წუთში გადმომიყვანეს მანქანიდან და მოვიდა პოლიცია, რომელმაც დამაკავა. 

დიღმის განყოფილებაში რომ მივედით, ოქმი შეადგინეს და იქ რაღაც სისულელეები ჩაწერეს, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებდაო. მერე წავიდა გარკვევა, სად უნდა გადავეყვანეთ, იმიტომ რომ თბილისში ადგილები არ იყო. სადღაც 1 საათში მოიფიქრეს, რომ უნდა გავეშვით ახალციხეში, პოლიციელებს დიდად არ უნდოდათ იქ წამოსვლა, მაგრამ უფროსმა დაურეკათ ახალი სმენა წაიყვანსო. წამიყვანეს მერე წერეთლის განყოფილებაში. რომ მივედით, გზაში დაგვაწიეს - ახალციხეში აღარ მიგვყავს, ზესტაფონში წაიყვანეთო. მივედით ისევ დიღმის განყოფილებაში, სადაც მარშუტკა ჰყავდათ მოყვანილი და იმ მარშუტკაში, სადღაც კიდე 6 კაცი იყო. რამდენიმე ჩემზე ბევრად ნაცემი და დაზიანებული", - იხსენებს გიორგი ჯაჯანიძე პროექტი 64-თან.

ფოტო: ეკატერინე თორთლაძე

"დღეს დილის 12-1 საათზე, აქციაზე მდგომ სმენის სირთულის მქონე ახალგაზრდას, რომელიც მეგობართან ერთად იყო და უკვე სახლისკენ მიდიოდა, სამი რობოკოპი ეტაკათ, გაძარცვეს, სასტიკად სცემეს, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და რამდენიმე საათი დააყოვნეს იქ. არ უზრუნველყვეს თარჯიმანი. ამჟამად არის კლინიკაში თავის არეში დაზიანებებით, ტვინის შერყევით, ცალ თვალს საერთოდ ვერ ახელს. დაზიანებები აქვს სხეულზეც", - წერს ეკატერინე თორთლაძე.

"ახლა გამოვედი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. მოვინახულე ორი რეჟიმის მძევალი საბა სხვიტარიძე და ზურა დათუნაშვილი.

ზურას, დაკავებისას სცემეს. სამწუხაროდ, ამაში ახალი არაფერია. საპტრულოს ორმა ნიღბიანმა, მანქანაში მოთავსების შემდეგ იდაყვები ურტყეს თავში, ყური აქვს გატეხილი. მერე აღმოჩნდა რომ იცნეს ვინც იყო აღარ შეხებიან, მაინც ოლიმპიელი და მსოფლიო ჩემპიონია, შეეშინდათ ეტყობა.

რაც შეეხება საბას, აქ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. თუ კი აქამდე უდანაშაულო დემონსტრანტებს დაკავებისას ან სატრანსპორტო საშუალებებში უსწორდებოდნენ, ახლა სხვა ლეველზე არიან გადასულები. საბას დაკავებისას არ შეხებიან, მას შემდეგ რაც მიიყვანეს იზოლატორში, აიყვანეს მეხუთე სართულზე გამომძიებელთან შეადგინეს ოქმი, გამომძიებელმა ოთახი დატოვა, შემოვიდა რამდენიმე ნიღბიანი კრიმინალი. როგორც საბა იხსენებს საკამოდ ნავარჯიშები, “გეგონება აქციიდან იყვნენ მოხსნილებიო” და სცემეს. თუმცა, აქ ეს არ დასრულებულა, რამდენიმე საათში მოკიდეს ხელი და ახლა უკვე მერვე სართულზე აიყვანეს, სადაც მას თხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, საბამ გასცა საკადრისი პასუხი, რის შემდეგაც ისევ გავიდნენ ოთახიდან შემოვიდნენ ნიღბიანები და ისევ სცემეს ურტყამდნენ ძირს დავარნილს და ყველგან.

აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი ამ ქვეყანაში გარდა ქუჩისა, ჩვენი ერთად დგომა და ბრძოლა ახლა არის ჩვენი მთავარი იარაღი. ამ ბიჭებს და დანარჩენ 400 თანამებრძოლს აქვს ახლა ჩვენი იმედი.

საბა და ზურა ორივე მხნედ არიან და ერთი სული აქვთ როდის დაგვიბრუნდებიან რომ გავყაროთ ეს რუსული წარმონაქმნები ამ ქვეყნიდან. არ გაჩერდე!", - წერს სანდრო წერეთელი.
 

"20 წლისაა. ამ წამს მოვინახულე. სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები აქვს. თავის ტვინის სისხლჩაქცევები. რა გენატრებათქო ვკითხე. ყველაფერს გაგიჩენ ახლავე მეთქი. არაფერიო, ჯანმრთელად რომ ვიყავი ის მენატრებაო", - წერს ექიმი დინა ნემსაძე

 

"ლუკა გამოუშვეს. 
დაკავებისას რობოკოპებმა კუკიაზე აიყვანეს. ქუდი ჩამოაფარეს, სახისა და თავის არეში ურტყეს. პირი სისხლით ჰქონდა სავსე. ბოთლით წყალი აიღეს და კისერში ჩაასხეს, გაცივდიო. სიტყვიერი შეურაცხყოფებიც მიაყენეს. ნივთები გადაუყარეს. 
ლუკასთან მყოფი მეორე დაკავებული უმოწყალოდ სცემეს, ეუბნებოდნენ ცოცხს შეგტენით ტ*აკშიო. 
ქალებს აგინებდნენ და ამბობდნენ პირველი ქალები არიან დასაჭერები და ეგენი დაიჭირეთო", - წერს ნათია ძიძიგური.

"ჩემი მეგობარი, ჩემი პატარა ძმა აიყვანეს აქციიდან, 17 წლის ბიჭი! არასრულწლოვანი!!!

ჩასვეს მანქანაში, ჩაქოლეს, ძალიან არის ნაცემი(არ განახებთ ფოტოს), გაძარცვეს ყურსასმენიანად ყველაფერი წაართვეს და მანქანაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ!", - წერს გიო დამენია.

"მეტროსთან ვიყავი, ველოდებოდი შეყვარებულს, გამოიქცნენ ჩემკენ, გავიქეცი, რომ გავიქეცი შუა გზაში გავჩერდისავით, რატო ხდება მეთქი, ვერ გავაანალიზე... გზაში, რომ გავრბოდი, მესმოდა მოკალიო. რომ დამიჭირეს იმ პიროვნებამ მუხლი მირტყა, სახეშიც. გავხდი ცუდად. ვეხვეწებოდი, მეთქი გეხვეწებით, ვერ ვსუნთქავ, არ აინტერესებდათ. დამცინოდნენ, ჩაისვარე, სუნი აგდისო. მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, მოკვლით.

როცა მირტყამდნენ, ფეხზე ხელი მოვიკიდე, მეტკინა, ეგ შეამჩნიეს, გამიცინეს და მუხლში რტყმა დამიწყეს. ერთ მომენტში ვერ ვსუნთქავდი, ვთხოვე, გეხვეწებით, ჰაერი მაინც ჩამასუნთქინეთ და მერე გააგრძელეთ, რასაც აკეთებთთქო. კარი გააღეს და ვინც კარი გამოაღო, შეურაცხყოფა მოაყენა ჩემს ოჯახს და ისევ რტყმა დამიწყეს.

მეკითხებოდნენ აქ რა გინდოდაო, გოგოს ველოდებოდი მეთქი და დაიწყეს საუბარი, კაი გოგო არისო?

გაგაშიშვლებთ, გადაგიღებთ და გაგაუპატიურებთო" - მიმართა მოსამართლეს, 4 დეკემბრის აქციაზე დაკავებულმა ლუკა ბარდაველიძემ - მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო

"თითქმის 5 სმ დიამეტრის დაზიანება მაქვს მხარზე. ისეთი დისტანციიდან გამარტყეს ტყვია რომ მარცხენა ხელს ფაქტიურად ვერ ვამოძრავებ.

გამიმართლა რომ ზუსტად კუნთოვან მასას მოხვდა თორემ ნებისმიერ ძვალს დაფშვნიდა ეგ ტყვია.

მესმის ყველას ემოციური ფონი მაგრამ არ ღირს მაგ ნაძირლებთან ახლოს გავლაც კი, განსაკუთრებით სათანადო ეკიპირების გარეშე.

ოდნავადაც არ დაგინდობენ. მოღალატეები არიან, ხელისუფალის მონობისთვის დაბადებულები და გაწვრთნილები, - წერს მირიან ბეჟიტაშვილი.

ვატო გვაზავა / ფოტო: ჯაბა ზარქუა

"ეს არის ჩემი უახლოესი ძმაკაცი, ვატო გვაზავა. მაგარი ტრავმატოლოგი და უმაგრესი ადამიანი. მის ისტორიას მოვყვები და რა ვიცი აბა, დანარჩენს თავად მიხვდებით.

გუშინწინ ორი გოგო ნახა დაგდებული დარბევის შემდეგ. მივარდა ბეტადინებით ექიმური მოვალეობის აღსასრულებლად. ამ დროს მივარდნენ უსისხლოები და დაუწყეს ცემა. აქვე ყურადღებით - ექიმია რას შვრებითო როცა დაიყვირა მისმა მეგობარმა, შეფ რა ვქნათო გასძახეს უფროსს ცოფიანმა ძაღლებმა და მაგ შეფის ჩართულობით ასჯერ მეტად ცემეს მას შემდეგ რაც გაიგეს რომ ექიმი იყო.

ცემის დინამიკა ასეთი იყო. რობოკოპებიანი ერთი მარშუტკა, გონების დაკარგვა. მეორე მარშუტკა. ისევ გონების დაკარგვა. აქვე გაითვალისწინეთ რომ ვატო ჯანზეა და გონების დაკარგვინება არაა მარტივი ამბავი.

კიდევ ერთი საგულისხმო ამბავი - მოპარეს ჯვარი (!!!), მობილური და მანქანის გასაღები.

რა შეფასება უნდა გავუკეთოთ ამ ამბავს? მხოლოდ ერთი - ცოფიანი ძაღლები სასწრაფოდ უნდა ჩამოსცილდნენ ძალაუფლებას, თორემ უსაფრთხოდ ის ქოცებიც ვერ იგრძნობთ თავს, რომლებიც ახლა იმედიანად ხართ. ჩვენზე ლაპარაკიც აღარაა", - წერს ჯაბა ზარქუა.

 

"ჩემს წინ ბიჭი გარბოდა, საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული. მოაგლიჯა ერთმა, გადახია, შეაგინა და - შენ ამ დროშის ღირსი ხარო?

ადამიანი წაიქცა, ვეხვეწებოდით აგვაყენებინეთთქო და კაი გამოიწიეთო, გვეგონა უნდა აეყენებინათ და წიხლებით შესდგნენ.

ჩემს გვერდით გოგო დააბრმავეს, ვეღარ ვხედავ ვერაფერს, ორსული ვარ და დამეხმარეთ გამიყვანეთ აქედანო. მოვკიდე ხელი და როგორც შემეძლო ვუყვიროდი - ორსულია და ნუ გვირტყავთ, გამაყვანინეთ-თქო. მაინც გვწიხლავდნენ და გვირტყამდნენ. ბოლოს ოპერასთან მათი ორი თანამშრომელი ამოგვიდგა, თვალებში ხო ხედავო? ოდნავ მეთქი და თავისიანებს უყვიროდნენ, ორსულია ნუღარ ურტყავთ ამათო და ოპერის ჩასასვლელში გაგვიშვეს. მეორედ აქ მოსული აღარ დაგინახოთო.

სასწრაფომ მხოლოდ ფიზიოლოგიური მოგვცა, მანქანაში შეშვებაზე ან ტერიტორიიდან გაყვანაზე უარი გვითხრეს. გველაპარაკნენ მტრულად", - წერს გიორგი ტერაშვილი ჯგუფში დაიტოვე.

გია ჯვარშეიშვილი, 
კადრი ვიდეოდან/ფორმულა

"გია ჯვარშეიშვილი ცემეს დღეს გამთენიისას სასტიკად. დაკავების მარშრუტკაში შეათრიეს, იატაკზე დააგდეს და ჯგუფურად ურტყამდნენ წიხლებს გინების თანხლებით. როგორც მომიყვა, უკვე რომ ვეღარ ვსუნთქავდი, ერთმანეთში დაიწყეს ლაპარაკი, არ მოკვდეს ეს დედამოტ*ნულიო და გადმოათრიეს მანქანიდან. მერე სასწრაფოს მანქანაში მოხვდა. იქაც მივიდნენ და ექიმებს ეკითხებოდნენ, ამათ მკურნალობთ თქვენ, ამ ნაბო*რებსო? სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში. გატეხილი აქვს ნეკნები, დაბეჟილი აქვს ფილტვი, აქვს ტვინის შერყევა. მარცხენა მხარე მთლიანად, თავიდან ფეხებამდე სისხლჩაქცევებისგან გაშავებული, აქვს გემატომები სახეზე. წაართვეს ტელეფონი, საფულე, ზურგჩანთა. მოკლედ, რაც ჰქონდა, ყველაფერი წაიღეს", - წერს ნინო კალანდია.

 

"ცუდ ხასიათზე ვარ ! ძალიან გაბრაზებულიც , ნაწყენიც და დათრგუნულიც. ბოლო 36 საათი გავატარე კლინიკაში მორიგეობაზე. არავის ვუსურვებ ნახოს ის კადრები რაც მე ამ მორიგეობაზე ვნახე. აქციიდან მოყვანილი 20-22 წლის ბიჭები უსისხლო უგულო პოლიციელების მიერ თავპირდალეწილები (არაფერს ვამატებ),ზოგი მათგანი ისეთ მდგომარეობაში იყო სული ეწვოდათ ყვიროდნენ გაუგებრად ,ტიროდნენ ხელ-ფეხს იქნევდნენ გაუაზრებლად. ათობით ადამიანი ვნახე მორიგეობაზე ამ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა რომ არც თუ ისე ცოტა ხანია ვარ კლინიკის გარემოში არასდროს ასეთი რამ არ მინახავს, პოლიციის მიერ ისე უმოწყალოდ იყვნენ ადამიანები დასახიჩრებულები უბრალოდ ამის გახსენებაც არ მინდა, რამოდენიმე მათგანი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის და ღმერთმა გააძლიეროს", - წერს კახა გოშაძე.

 

"სპეცრაზმმა ალყაში მოგვაქცია, როცა მაქსიმალურ სიმჭიდროვეს მივაღწიეთ წიწაკა დაგვასხეს ზემოდან. ატყდა ჭყლეტა ვიღაც ორი გოგო მოყვა ჩემს ქვემოთ და ზემოდან სამი ფენა ხალხი დამაწვა. იცით რა ძნელია უყურებდე თვალებში ადამიანს, რომელიც განწირული გთხოვს შველას და შენ უბრალოდ გარყევა არ შეგიძლია? რაღაც მომენტში ვიპოვე სივრცე, და ნახტომში ამოვძვერი ზედახორადან და სანამ ისევ დაეყრებოდა ხალხი ეს ორი, უკვე გულწასული გოგო გამოვაძრე ხალხს ძირიდან. ამ დროს სპეცრაზმისკენ ზურგით მომიწია შეტრიალება და დამიწყეს დუბინკებით ცემა. ვყვიროდი მოკვდნენ მემგონი გამაყვანინეთთქო და შენი ძალით პატრიოტი დედამ***ყანო და უარესად მირტყეს. საპატიო დუბინკების ესკორტით გამაცილეს 30 მეტრი. მივდიოდი და ერთადერთი აზრი მიტრიალებდა. ორი გულწასული გოგო მყავდა გასაყვანი. გავიყვანე", - წერს ლევან კობახიძე ჯგუფში დაიტოვე.

 

"ალყაში მოგვაქციეს, ორივე მხრიდან გვაწვებოდნენ და ვერ გადავაადგილდებოდით, ერთმანეთზე ვიჭყლიტებოდით, ფეხზე ვერ ვიდექით. 
ხალხი ეხვეწებოდა, ცუდად ვართ და ნუღა გვაწვებით, გასაქცევი მოგვეცითო- ამათმა ზემოდან წიწაკის სპრეი დაგვიმატეს, თმით გვათრიეს, პანჩურები გვირტყეს, ძირს დაგდებულები თავს თუ წევდნენ სახეში ურტყამდნენ წიხლებს. 
ბოლოს რომ ვეღარ ვსუნთქვადი, ყელ-ხახა, თვალები, ტუჩები, ცხვირი მეწვოდა და წინ გზასაც ვერ ვხედავდი, ვთხოვე, აღარ შემიძლია-მეთქი და “დროზე გააჯვი შენი დედის მუტელი მოვტყან”-ო მომაძახა და გამომეკიდა. 
ჩემს თვალწინ გოგომ და ბიჭმა გონება დაკარგეს და ვერ დავეხმარე 😫 მეგობრები დავკარგე და იმათაც ვერ დავეხმარე. 
ბოლოს მეტროშიც შემოვიდნენ და ჩემს დაძახებულზე - აქედან მაინც წადით-მეთქი, ბარიკადთან მოვარდა. 
ჯოჯოხეთი თუ არ გინახავთ, ეს იყო", - წერს ნათია გაბრავა.

 

"ჩვენს ძმაკაცს ყბა, ცხვირი და კბილი მოტეხეს. ბეწვზე გადავრჩით მე და კოტე. აი, ვინც სახლში ზიხართ, არ ვიცი რა..", - წერს დავით ჩახუნაშვილი.

 

"დღეს იზოლატორში ახალგაზრდა მამაკაცმა მომიყვა, რომ დაკავების შემდეგ, რამდენიმე პოლიციელი ფეხებს ურტყამდა და დედას აგინებდა. ეს ადამიანი ამბობდა, რომ დედა გარდაცვლილი ჰყავს და ითხოვდა, რომ დაღუპული დედის მისამართით ნუ აგინებდნენ, თუმცა, ისინი გინებას მაინც აგრძელებდნენ. ასევე, მას სახის მიმართულებით აფურთხებდნენ და ეუბნებოდნენ - პირი გააღე, უნდა ჩაგაფურთხოთო", - ამბობს ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე.

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

"ყველაზე რთული პერიოდია მანქანაში ჯდომის, როდესაც უკვე ტკივილს ვეღარ ვგრძნობ ისე მირტყამენ ამ დროს ცდილობენ, რომ ჩემი ტელეფონის პინი გახსნან, რა თქმა უნდა, არ მივეცი კოდი, არც თითის ანაბეჭდით დავაფიქსირე. შემდეგ კიდებს იარაღს ხელს და მეუბნება თავზე დაგადებ და ახლა გაგიხვრიტავ თავს იმიტომ, რომ პინს არ მაძლევ. ენაცვლებოდნენ [ერთმანეთს] 4-5 კაცი მირტყამდა, შემდეგ ჩავიდოდა ეს 4-5 კაცი, დასვენებულები ამოდიოდნენ და ისინი აგრძელებდნენ. ერთი მეუბნებოდა, შენო ისეთ ჯანზე ხარო ვერაფერს ვერ გიშვებითო და მეორეს ეუბნება - მოდი ხელი მოვტეხოთო, დაიწყეს ჩემი ხელის მოტეხვა. მაგის მეთაურმა დაუფიქსირა, რომ ეგ არ გაეკეთებინათ და მანდ გაჩერდნენ, თორემ რამდენიმე წამი და ხელსაც მომტეხავდნენ", - ამბობს აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე. 

უფლებები საქართველოს განცხადება:

"4 დეკემბერს, გამთენიისას დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი, რომელიც 35 საათზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდა დიღმის იზოლატორში და დაჟინებით ვითხოვდით მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში გადაიყვანა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლო პროცესი 12 დეკემბრამდე გადაიდო. პროცესის მიმდინარეობისას ახალგაზრდის ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, თავდაპირველად, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სხდომა არ გადადო. მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება, ხოლო „უფლებები საქართველოს” ადვოკატს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთხრა, რომ სასწრაფო დახმარება უკვე გამოძახებული იყო. თუმცა, 112-ის ოპერატორთან დარეკვისას ადვოკატმა დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარება არ იყო გამოძახებული.

ადვოკატს თავად მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება. მიუხედავად ადვოკატის მიერ დაკავებულის მდგომარეობის აღწერისა, სასწრაფო დახმარება თავდაპირველად კვადროციკლით გამოცხადდა, შეაფასა ახალგაზრდის მდგომარეობა და განაცხადა, რომ კლინიკაში იყო გადასაყვანი. ასევე, შესთავაზა ადვოკატსა და ოჯახს, დაკავებული კლინიკაში თვითდინებით მიეყვანათ. ამგვარ შემთხვევაში, ყველა სამედიცინო შემოწმებისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯი ახალგაზრდას დაეკისრებოდა (მსგავსი რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა). მხოლოდ ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გამოცხადდა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ნაცემი ახალგაზრდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა, 4 დეკემბერს, დაკავებულების მონახულებისთანავე, მისი კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დიღმის იზოლატორს ოფიციალური განცხადებით მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირდა გადაადგილება, იზოლატორმა უარი განაცხადა კლინიკაში მის გადაყვანაზე. დროებითი იზოლატორის ექიმების მიერ გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულებისა და კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმის შემდეგ, „უფლებები საქართველოს“ მოთხოვნით, 20 წლის ახალგაზრდასთან იმყოფებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. ორივე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნაცემი ახალგაზრდის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის კომპეტენციას განეკუთვნება.

ეს არ არის იზოლატორის ექიმების მიერ გამოჩენილი გულგრილობის პირველი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ სამი დღის წინ, დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის მიერ არასწორად შეფასებული მდგომარეობის გამო, ორგანიზაციის სხვა ბენეფიციარი ასევე არ გადაიყვანეს სამედიცინო კლინიკაში. შედეგად, აღნიშნულმა პირმა რამდენჯერმე დაკარგა გონება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ღუდუშაურის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი, მას ცხვირის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც იზოლატორის ექიმმა თავიდანვე გამორიცხა ტვინის შერყევა, ხოლო მოტეხილობებს არ დაუთმო სათანადო ყურადღება.

შსს-ს წარმომადგენლებმა 20 წლის ბიჭი 4 დეკემბერს გამთენიას მეტროსადგური ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. იმყოფებოდა მარტო და ელოდებოდა მეგობარს. ჰყვება, რომ იქვე მდგარი პიკაპის ავტომანქანაში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა დაუწყეს გინება და მუქარა. სცადა ტერიტორიის დატოვება, თუმცა, ნიღბიანები გაქცეულ ბიჭს დაედევნენ ავტომობილით - ლამის დააჯახეს, გადმოცვივდნენ მანქანიდან და დაიჭირეს.

"მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენ“, - უთხრა ადვოკატს დაკავებულმა. დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე - გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით. ცემით და გინებით მიიყვანეს ბუკიას ბაღთან, საიდანაც სამმა პოლიციელმა გადაიყვანა ჯერ სამმართველოში და შემდეგ - დიღმის იზოლატორში".

მასალა განახლებადია.

"დაზიანებები პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს.

დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს" - სახალხო დამცველი.

"მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული აბსოლუტური უფლების - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას. [...] განსაკუთრებით შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფორმები, მეთოდები და გამოვლენილი სისასტიკის ხარისხი", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 30 ნოემბრის განცხადებაში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გაეროს სპეციალურ პროცედურებს, ევროპის საბჭოს კომისარსა და ეუთოს მიმართავენ საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით - კომუნიკაციაში დეტალურად არის მოცემული 28 ნოემბრიდან დღემდე არსებული ფაქტები, რომლებიც შეეხება მშვიდობიანი დემონსტრანტების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ჩადენას; აქციების დარბევისთვის გამოყენებული საშუალებების უკანონობასა და არაპროპორციულობას; უკანონო დაკავებას; ჩხრეკა-ამოღების ოპერაციებს; სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას; ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობას.

 


საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. 

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა დემონსტრანტები. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს 43 მომიტინგე.

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".

რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 29 და 30 ნოემბერსაც გაიმართა. სპეცრაზმმა მომიტინგეები ისევ დაარბია. დემონსტრაციები მიმდინარეობს ახლაც - თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პარალელურად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების ნაწილი განცხადებით ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების და აქციების დარბევის ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მიზეზად ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა. 

კომენტარები