კორუფცია

9 რეგიონში, სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე 10 პირი დააკავეს, 18-ს ბრალი წარედგინა – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] განცხადებით, საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად 14 სხვადასხვა სისხლის სამართის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის, ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დაკავებული და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ჯამში 28 პირი. 

უწყების ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება.

"საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდა ქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად, თაღლითურად მითვისებულ ათი ათასობით ლარს. ამასთან, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან, რამდენიმემ თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოებისათვის მომსახურების მიღების მიზნით გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისიწნებულზე ნაკლები ოდენობის, განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები.

აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს ჯამში 669 497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა". - აცხადებს სუს. 

რაც შეეხება მეორე საქმეს, უწყების ცნობით, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, 3 სისხლის სამართლის საქმეზე, 7 პირს ბრალდება წარედგინა.

"საქმე ეხება სხვადასხვა დროს, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს, ჯამში, 397 804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მათივე ცნობით, ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით კი, სისხლის სამართლის 3 საქმეზე დაკავებულია 3 პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს". - აცხადებენ სუს-ში. 

გარდა ამისა, 3 სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სხვადასხვა დროს, ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს". - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია "აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის„ბ“ ქვეპუნქტით, 196-ე მუხლის I ნაწილით და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,221-ე მუხლის IV ნაწილით, 332-ე მუხლის I ნაწილით, 338-ე მუხლის I ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

კომენტარები