არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, 28 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები უკანონოდ დაარბიეს.
"გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, საპოლიციო ძალები არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო დავალებებს ასრულებდნენ. საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას უკანონოდ არბევდნენ. ცდილობდნენ, ცემით, ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და არაადამიანური მოპყრობით ჩაეხშოთ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი და ქვეყნის მომავლის დაცვის სურვილი.
და რადგან ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია, წინააღმდეგობის გარდა, სხვა გზა არ არსებობს". - წერს GDI.
ორგანიზაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არალეგიტიმურია.
"საქართველოში ხელისუფლება უზურპირებულია. არალეგიტიმურია პარლამენტი, არალეგიტიმურია ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა. მიტაცებულია სასამართლო და არ არსებობს მართლმსაჯულება.
ხელისუფლებას ახორციელებს უზურპატორი, რომელმაც უარი თქვა კონსტიტუციურ მმართველობაზე, ადამიანის უფლებების არსზე და საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვა ქვეყნის ევროპულ და დასავლურ კურსზე.
უზურპატორის ერთადერთ დასაყრდენს რეპრესიული სისტემა წარმოადგენს, რომელიც საპოლიციო ფიზიკურ ძალაზე, პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურებზე დგას". - წერია GDI-ს განცხადებაში.
28/29 ნოემბრის მოვლენები:
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე
პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა
დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა
პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.





