სეფაშვილი: მადლობა ჩვენს სამართალდამცველებს გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის

უმრავლესობის დეპუტატი, პარტია ხალხის ძალის წევრი, ეკა სეფაშვილი სამართალდამცველებს 28 ნოემბრის აქციაზე "სიმამაცისა და თავდადებისთვის" მადლობას უხდის.

"მადლობა ჩვენს სამართალდამცველებს სამშობლოს სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის"- წერს სეფაშვილი Facebook-ზე.

სეფაშვილი ასევე წერს, რომ ევროკავშირს ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს ევროკავშირი.

"კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ჩვენს განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო განუხრელად აგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ეს პროცესი არცერთი დღით არც შეწყვეტილა და არც შენელებულა და ასევე გაგრძელდება. შედეგად, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად იქნება. 

2028 წლამდე ჩვენ ევროკავშირს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნას არ ვთხოვთ, თუმცა, თუ ისინი მოლაპარაკებას იქამდე გაგვიხსნიან, საქართველო მზად არის, მოლაპარაკებები დაიწყოს.

იქამდე კი, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ საქართველოს მტრებსა და რადიკალებს არ მივცემთ საშუალებას, წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება/არ დაწყება პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მუდმივად ხელი შეუშალონ ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ამავე მიზეზით, უარს ვამბობთ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგად მიღწეული მაღალი ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის მოცულობა საშუალებას გვაძლევს, ყველა რეფორმა, რომელიც ევროინტეგრაციას ემსახურება, ქართული სახელმწიფოს მიერ დაფინანსდეს.

და გვახსოვდეს, ევროკავშირს სწორედ ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს ევროკავშირი.

ეროვნული ღირსების შენარჩუნებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, როცა ევროკავშირი თავადვე იქნება მზად მორიგი გაფართოებისთვის". - წერს სეფაშვილი.


28/29 ნოემბრის მოვლენები:

ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე

პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა

დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.

კომენტარები