ატლანტიკური საბჭოს (The Atlantic Council) ქართველი თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ორგანიზაცია განცხადებით ეხმიანება და წერს, რომ არჩევნების წინა დღეებში მოვლენების მსგავსი განვითარებით შეშფოთებულები არიან. განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაცია ხელისუფლებისგან საქმეში მეტი სიცხადის შეტანას, მათი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩამორთმეული ტექნიკის დაბრუნებას მოელიან.
"24 ოქტომბერს, დილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, საქართველოში, ატლანტიკური საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ორი თანამშრომლის სახლებში რეიდი მოაწყვეს და მათი ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია მოახდინეს. ისინი არ დაუკავებიათ და საქართველოს ხელისუფლებას მათთვის ბრალი არ წარუდგენია.
ატლანტიკური საბჭო მოვლენების მსგავსი განვითარებით და საქართველოში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მისი გავლენით ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე ღრმად შეშფოთებულია. ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, დამოუკიდებელ, უპარტიო საქმიანობას ეწევიან, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის დაცვას და განმტკიცებას მათგან, ვინც ძირს უთხრის მას ონლაინ სივრცეებში. ეს მოიცავს უცხოური გავლენის მცდელობებთან დაკავშირებულ კვლევას, მარგინალიზებულ თემებზე ტარგეტირებასა და სხვა ონლაინ საფრთხეებს.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს შესძენს თავის ქმედებებს, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას, დააბრუნებს მათ ქონებას და საშუალებას მისცემს მათ, გააგრძელონ ქართულ დემოკრატიაში თავიანთი წვლილის შეტანა.
ატლანტიკური საბჭო დიდი ხანია არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი მისწრაფებების, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების დამცველი. ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორია აქვეყნებს კვლევას, რომელიც ხაზს უსვამს დისკურსის და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს.
ატლანტიკური საბჭო გააგრძელებს მუშაობას საქართველოში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად გლობალური მომავლის ფორმირების მისიის სულისკვეთებით. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას". - წერია განცხადებაში.
- სად და რატომ შევიდა ფინანსური პოლიცია? რა ვიცით ამ დროისთვის
- მითხრეს, რომ გაზის შესამოწმებლად იყვნენ, შემოვარდნენ და დაიწყეს ჩხრეკა - ბუზიაშვილი
დღეს დილიდან ფინანსური პოლიცია სხვადასხვა ადამიანის სახლებს ჩხრეკს. მათ შორის, საგამოძიებო სამსახური შევიდა Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში. ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის" მკვლევრები არიან.
ამასთან ერთად, სთენდაფერი ონისე ცხადაძე Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინანსურმა პოლიციამ გაჩხრიკა ფართი, რომელიც მას და მის ძმას აქვთ ნაქირავები. მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის ლეპტოპი და ტელეფონი. ცხადაძე მუშაობს კომპანია Concentrix-ში, რომელიც კალიფორნიაში დაარსებული ბიზნეს პროცესების მართვის კომპანიაა და საერთაშორისო ბრენდებს უწევს კონსულტაციას. კომპანიას 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში აქვს ოფისი.
კიდევ ერთი პირი, ვისი სახლიც გაჩხრიკეს, არის ვალერი ტყეშელაშვილი, რომელიც Mercatus Capital-ის დამფუძნებელია და საქართველოში დროებით არის ჩამოსული.
- დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს - კობახიძე ჩხრეკებზე
- TV იმედი ამბობს, რომ ჩხრეკები ქოლცენტრების საქმეზე მიმდინარეობს და კეზერაშვილს უკავშირდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, "სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები".
"მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან.
ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.
საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.





