დილის საათებიდან ფინანსური პოლიცია რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკას ატარებს.
TV IMEDI ამბობს, რომ ჩხრეკები ქოლცენტრების საქმეზე მიმდინარეობს და დავით კეზერაშვილს უკავშირდება.
ცოტა ხნის წინ, Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები გაჩხრიკეს. ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის" მკვლევრები არიან.
"დაახლოებით დილის 8 საათზე მოვიდნენ, არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ, თქვეს, რომ გაზის სამსახურიდან იყვნენ, რაღაც გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს ჩხრეკა, ჩამომართვეს ტელეფონი და არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება. აინტერესებდათ კონკრეტულად დოკუმენტაცია და ტექნიკა. ეს იყო მათი მოტივი. ჩხრეკა დაახლოებით ორი საათი მიმდინარეობდა" – ამბობს ბუზიაშვილი.
"ამიხსნეს, რომ ეს არის დაკავშირებული იმ კომპანიასთან, რომელსაც დაკონტრაქტებული ვყავარ, თუმცა, რეალურად მე ვმუშაობ ატლანტიკურ საბჭოში, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამერიკაში დაფუძნებული და ჩემი საქმიანობა არის პირდაპირ დაკავშირებული დეზინფორმაციასთან, საინფორმაციო ოპერაციების კვლევასთან, რუსეთის ჩარევასთან. ამიტომ, ჩემთვის, ამ წუთას ძალიან საეჭვოა, რა ხდება და რასთან არის დაკავშირებული ეს ამბავი" - ამბობს გელავა TV პირველთან.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მის საქმიანობას, Atlantic Council-ის თანამშრომელი პასუხობს, რომ "ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უბრალოდ მითხრეს, რომ ამ კომპანიასთან არის დაკავშირებული ფინანსური გამოძიება, რეალურად, ეს არის HR კომპანია, რომელიც არის დაკონტრაქტებული ატლანტიკური საბჭოს მიერ" – დაამატა გელავამ.
ამასთან ერთად, სთენდაფერი ონისე ცხადაძე Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინანსურმა პოლიციამ გაჩხრიკა ფართი, რომელიც მას და მის ძმას აქვთ ნაქირავები. მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის ლეპტოპი და ტელეფონი. ცხადაძე მუშაობს კომპანია Concentrix-ში, რომელიც კალიფორნიაში დაარსებული ბიზნეს პროცესების მართვის კომპანიაა და საერთაშორისო ბრენდებს უწევს კონსულტაციას. კომპანიას 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში აქვს ოფისი. Concentrix-ი საქართველოში პროგრამა აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით შემოვიდა.
"ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან. გარაჟის დაშენებაში გვაქვს ნაქირავები, მე ყველა ანგარიში დაყადაღებული მაქვს, ჩემს ძმას ბანკის ვალები და ჩვენთან მოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა (ერთი წლის გაფუჭებული ლეპტოპიც) ჩემი ტელეფონის გარდა" – წერს ცხადაძე.
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცოტა ხნის წინ აღნიშნულ კომპანიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. თუმცა, ე.წ. დანაშაულებრივი ქოლცენტრების გამოძიების ფარგლებში "სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ კონკრეტულად რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით".
კიდევ ერთი პირი, ვისი სახლიც გაჩხრიკეს არის ვალერი ტყეშელაშვილი, რომელიც Mercatus Capital-ის დამფუძნებელია და საქართველოში დროებით არის ჩამოსული.
"მოვიდნენ საფინანსო პოლიციიდან ჩემთან, რამდენიმე თვეა საქართველოში ჩამოვედი ჩემ მშობლებთან ვარ ქუთაისში, მოვიდნენ და ბრალს მდებენ, მეუბნებიან, რომ ეჭვი აქვთ საფუძვლიანი, რომ ვაწარმოებ ქოლცენტრთან დაკავშირებულ საქმიანობას, ადამიანი, რომელიც 10 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ" – ამბობს ტყეშელაშვილი Facebook-ის Live ვიდეოში.