დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს - კობახიძე ჩხრეკებზე

"მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას და ეს ინფორმაცია შეიძლება საზოგადოებისთვის იყოს ძალიან საინტერესო" - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებზე დასრულ კითხვებს.

კითხვაზე, რატომ უნდა იყოს საინტერესო, კობახიძე პასუხობს - " შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს ეს ინფორმაცია, მე ვმარჩიელობ ახლა, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება იყოს საინტერესო ეს ინფორმაცია".

დღეს დილიდან ფინანსური პოლიცია სხვადასხვა ადამიანის სახლებს ჩხრეკს. მათ შორის, საგამოძიებო სამსახური შევიდა Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში. ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის" მკვლევრები არიან. 

ამასთან ერთად, სთენდაფერი ონისე ცხადაძე Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინანსურმა პოლიციამ გაჩხრიკა ფართი, რომელიც მას და მის ძმას აქვთ ნაქირავები. მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის ლეპტოპი და ტელეფონი. ცხადაძე მუშაობს კომპანია Concentrix-ში, რომელიც კალიფორნიაში დაარსებული ბიზნეს პროცესების მართვის კომპანიაა და საერთაშორისო ბრენდებს უწევს კონსულტაციას. კომპანიას 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში აქვს ოფისი. 

კიდევ ერთი პირი, ვისი სახლიც გაჩხრიკეს არის ვალერი ტყეშელაშვილი, რომელიც Mercatus Capital-ის დამფუძნებელია და საქართველოში დროებით არის ჩამოსული.

სამთავრობო TV იმედის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მიმდინარეობს, "ხოლო ქოლცენტრების უკან დავით კეზერაშვილი დგას".

კომენტარები