საქართველოში აშშ-ს საელჩო ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს "Credit Suisse"-ის საქმესთან დაკავშირებით ილუსტრაციით ეხმაურება და ქართველებს რუკაზე უხსნის, სად უნდა მოიკითხოს ივანიშვილმა მისი მილიონები.

როგორც აშშ-ს საელჩო მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, "ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოს ხელშია და არა - ამერიკის".
გუშინ, 30 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მოსალოდნელი ფინანსური სანქციების შესახებ უპასუხა, რომ "დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს".
კალაძემ ამის მაგალითად ბიძინა ივანიშვილის საქმე მოიყვანა Credit Suisse-თან.
"თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? ჩემს ფინანსებზე ნუ ინერვიულებთ. რეალობა სახეზეა, ნახეთ, ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოურ ბანკებს - გაძარცვეს. ადამიანმა, რომელმაც ყველანაირი სასამართლო მოიგო, თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ხომ გვითხრეს, რომ 60 ადამიანი დასანქცირდაო, პირადად არ უთქვამთ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს". - თქვა კალაძემ
23 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი "ისედაც სანქცირებულია" და მან დიდი ოდენობის თანხა ევროპას მიანდო, ხოლო ბანკმა იგი გაძარცვა.
ოცნების ლიდერებს წარსულშიც არაერთხელ უთქვამთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან "დე ფაქტოდ" სანქცირებულია.
გასული წლის 7 სექტემბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის მიმართ "დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს", რადგან მას "თავხედურად, ყოველგვარი საფუძვლის, მიზეზის, განმარტების გარეშე" შეუჩერეს თანხა შვეიცარიის ბანკში.
"უბრალოდ არ აძლევენ საკუთარ თანხებს - იმ ყაჩაღობის ისტორიას აღარ მოვყვები, რაც, წარმოიდგინეთ, შვეიცარიულ ბანკში ხდებოდა 2008 წლიდან მოყოლებული, მაგრამ დღესაც გრძელდება ეს; ეს არის ჩვეულებრივი დე ფაქტო სანქციები". - ამბობდა კობახიძე.
შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში (შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში) ედავებოდა, გაიყიდა - Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა.
ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო - კერძოდ, საქმე ეხებოდა ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, რომელსაც ბრალად ხელმოწერებისა და კლიენტის ანგარიშის გამოწერების გაყალბება და ამის საფუძველზე ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა ედებოდა.