რუსეთი-ირანი

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი რუსეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება

მასუდ ფეზეშქიანი
Photo: Associated Press

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი რუსეთში, ყაზანში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს დაესწრება. ინფორმაციას რუსულ პროპაგანდისტულ-სამთავრობო გამოცემა TACC-ს მოსკოვში თეირანის ელჩი კაზემ ჯალალი უდასტურებს

22-24 ოქტომბერს დაგეგმილ სამიტზე რუსეთმა და ირანმა შესაძლოა ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებაც დადონ. რამდენიმე დღის წინ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ ქვეყნები მსგავსი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. 

ცნობისთვის, 10 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის ქალაქების დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გადასცა. რუსეთისა და ირანის ოფიციალური პირები ამას უარყოფენ. რაკეტების რუსეთისთვის გადაცემის გამო, აშშ-ს სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმა ირანის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი დაამტკიცეს.

BRIC ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს ბრაზილიის (B), რუსეთის, (R), ინდოეთისა (I) და ჩინეთის (C) ინიციატივით შეიქმნა. მოგვიანებით, 2010 წელს ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკაც (S) შეემატა, რის გამოც დღეს ალიანსს BRICS ეწოდება.

2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც.

რამდენიმე დღის წინ კი, 20 აგვისტოს BRICS-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი აზერბაიჯანმაც შეიტანა. ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტს მოჰყვა, რომლის დროსაც ალიევმა და პუტინმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, 22-24 ოქტომბერს რუსეთში, ყაზანში დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ. აზერბაიჯანის გარდა, BRICS-ში გაწევრიანებას მალაიზია და ტაილანდიც ელოდებიან. 

    კომენტარები