აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის ქალაქების დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გადასცა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციათა პაკეტი დააანონსა. სანქცირებულ სუბიექტებს შორის ირანის მთავარი ავიახაზი, Iran Air-იც იქნება.
"დიდი ალბათობით, რუსეთი ირანისგან მიღებულ რაკეტებს უკრაინელების წინააღმდეგ შემდეგი კვირების განმავლობაში გამოიყენებს" - თქვა ბლინკენმა ლონდონში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან, დეივიდ ლამისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ 120 კილომეტრის რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტები რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გრძელრადიუსიანი რაკეტები უკრაინაში უფრო შორსმდებარე სამიზნეებისთვის გამოიყენოს, ვინაიდან აქამდე რუსეთი მათ ახლო სამიზნეებზე თავდასხმისთვის იყენებდა.
ირანის წინააღმდეგ სანქციები დააანონსა დიდმა ბრიტანეთმაც. დეივიდ ლამის თქმით, მან და ბლინკენმა განიხილეს "აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ირანის დასასჯელად, რომელიც გლობალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის".
ცნობისთვის, 6 სექტემბერს გამოცემა Wall Street Journal-მა ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანმა რუსეთს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.
როგორც WSJ წერს, ვაშინგტონმა მოკავშირეებს ამის შესახებ მიმდინარე კვირაში აცნობა. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ბალისტიკური რაკეტები რუსეთში უკვე ჩავიდა.
ირანმა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნა უარყო. გაეროში ირანის მისიის წარმომადგენლის მტკიცებით, "ირანი თავს იკავებს მსგავს ქმედებებში მონაწილეობისგან, თუმცა ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, შეწყვიტონ იარაღის მიწოდება კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის".
თუმცა, ირანელმა პარლამენტარმა, აჰმად ბახშაიეშ არდესტანმა ცნობები 24 საათზე ნაკლებ დროში დაადასტურა მას შემდეგ, რაც იმავე ცნობები გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა უარყო.