აშშ-ს სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმა ირანიდან და რუსეთიდან ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ სუბიექტებს სანქციები დაუწესეს. მიზეზი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების პროცესებში აღნიშნული სუბიექტების პირდაპირი მონაწილეობაა.
როგორც სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზში წერია, ორგანოს მიერ სანქცირებულთა სიაში 10 ფიზიკური პირი, 6 იურიდიული სუბიექტი და 4 გემია, რომელთა მეშვეობითაც თეირანი მოსკოვს იარაღთა სისტემებს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებსა (დრონებს) და მოკლე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს აწვდის.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულ ზომებს, ორგანოს მიერ იმავე მიზეზით დასანქცირდა 3 ირანული იურიდიული სუბიექტი და "ბლოკირებულ საკუთრებად" კლასიფიცირდა 5 გემი.
ორივე დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაშია ირანული ავიაკომპანია Iran Air, რომელიც როგორც კომერციულ, ისე გადამზიდ ფრენებს ახორციელებს. როგორც პრესრელიზებში წერია, აღნიშნული ავიაკომპანია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა (IRGC) და ირანის თავდაცვის სამინისტროს დავალებით დიდი ხანია უწევს ტრანსპორტირებას სხვადასხვა საქონელს პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის, სამხედრო ტექნიკას - რუსეთისთვის.
ცნობისთვის, დღეს, 10 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის ქალაქების დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გადასცა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციათა პაკეტი დააანონსა. სანქცირებულ სუბიექტებს შორის ირანის მთავარი ავიახაზი, Iran Air-იც იქნება.
"დიდი ალბათობით, რუსეთი ირანისგან მიღებულ რაკეტებს უკრაინელების წინააღმდეგ შემდეგი კვირების განმავლობაში გამოიყენებს" - თქვა ბლინკენმა ლონდონში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან, დეივიდ ლამისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ 120 კილომეტრის რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტები რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გრძელრადიუსიანი რაკეტები უკრაინაში უფრო შორსმდებარე სამიზნეებისთვის გამოიყენოს, ვინაიდან აქამდე რუსეთი მათ ახლო სამიზნეებზე თავდასხმისთვის იყენებდა.
ირანის წინააღმდეგ სანქციები დააანონსა დიდმა ბრიტანეთმაც. დეივიდ ლამის თქმით, მან და ბლინკენმა განიხილეს "აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ირანის დასასჯელად, რომელიც გლობალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის".