რუსეთი

რუსეთში ქალს უკრაინულ ფონდში $51-ის გადარიცხვისთვის 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ქსენია ხავანა
ფოტო: სვერდლოვსკის რაიონული სასამართლოს პრესსამსახური

რუსეთში, სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ქსენია ხავანა (კარელინა) უკრაინული საქველმოქმედო ფონდისთვის 51,8 დოლარის გადარიცხვის გამო სამშობლოს ღალატში დამნაშავედ ცნო. საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

სვერდლოვსკის რაიონული სასამართლოს დასკვნაში ნათქვამია, რომ ქსენია ხავანას მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

თავდაპირველად, ბრალდების მხარე ქალისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

რუსეთისა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 33 წლის ბალერინა 2024 წლის თებერვალში, ქალაქ ეკატერინბურგში ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

კარელინას განაჩენამდე ერთი კვირით ადრე რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა ისტორიული და ცივი ომის მერე ყველაზე მასშტაბური გაცვლა მოხდა. ქვეყნებს შორის შეთანხმების ფარგლებში, 7 სხვადასხვა ქვეყანაში დაპატიმრებული 24 პატიმრის გაცვლა მოხერხდა. 

ცნობისთვის, 1 თვის წინ რუსეთში, ქალაქ ტომსკში უკრაინულ ფონდში 30 დოლარის გადარიცხვისთვის 21 წლის ადგილობრივ მცხოვრებს, ტატიანა ლალეტინასაც სასამართლომ 9 წლით პატიმრობა სახელმწიფო ღალატის მუხლით მიუსაჯა

კომენტარები