აშშ-რუსეთის პატიმრების გაცვლის პროცესი

აშშ და რუსეთი პატიმართა გაცვლაზე შეთანხმდნენ

The Independent

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთთან პატიმართა გაცვლაზე შეთანხმდა. შეთანხმების ფარგლებში, რუსეთი 12 ამერიკელ პოლიტპატიმარს, მათ შორის, Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს, აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანს, პოლ უელანს, რადიო თავისუფლების რუს-ამერიკელ ჟურნალისტს, ალსუ კურმაშევას გაათავისუფლებს. გათავისუფლებულები რუსეთიდან გერმანიაში გაემგზავრებიან.

გაცვლა ჯერ არ მომხდარა.

რუსულმა საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა თითოეულ მხარეს გათავისუფლებული პირების სია გამოაქვეყნა.

რუსეთში დაბრუნდებიან:

  • ვადიმ კრასიკოვი - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილე;
  • არტემი და ანა დულცევები - მეუღლეები, სლოვენიელი არალეგალები, სავარაუდოდ, GRU-ს აგენტები;
  • პაველ რუბცოვი - რუსეთის ჯაშუში, GRU-ს აგენტი;
  • რომან სელეზნევი - ჰაკერი, 2003 წლიდან იპარავდა და ყიდდა საბანკო ბარათების მონაცემებსა და ანგარიშებს;
  • ვლადისლავ კლიუშინი - ბიზნესმენი, ბრალად ედება კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონო გამოყენების გზით თაღლითურ სქემაში მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფინანსური სარგებლის მისაღებად;
  • მიხაილ ვალერიევიჩ მიკუშინი - ნორვეგიაში არალეგალურად მცხოვრები რუსი ემიგრანტი, თვითმარქვია, GRU-ს აგენტი;
  • ვადიმ კონოშჩენკო - კონტრაბანდული ქსელის "Sernia" წევრი, რუსულ დაზვერვასთან კავშირებში ეჭვმიტანილი.

რუსეთმა გაათავისუფლა:

  • ვლადიმირ კარა-მურზა - რუსი ოპოზიციონერი, სამოქალაქო აქტივისტი, პუბლიცისტი;
  • ილია იაშინი - რუსი ოპოზიციონერი, პოლიტიკოსი;
  • ალსუ კურმაშევა - რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რუს-ამერიკელი რედაქტორი;
  • ევან გერშკოვიჩი - The Wall Street Journal-ის ამერიკელი ჟურნალისტი;
  • პოლ უელენი - აშშ-ს საზღვაო ძალების ამერიკელი ვეტერანი;
  • ოლეგ ორლოვი - ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაცია Memorial-ის თავმჯდომარე;
  • ალექსანდრა სკოჩილენკო  - რუსი ხელოვანი და მუსიკოსი;
  • ანდრეი პივოვაროვი - პოლიტიკური ორგანიზაცია Open Russia-ს ყოფილი ხელმძღვანელი;
  • ქსენია ფადეევა - სამოქალაქო აქტივისტი, ალექსეი ნავალნის ტომსკის შტაბის ხელმძღვანელი;
  • ლილიანა ჩანიშევა - ალექსეი ნავალნის უფას შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი;
  • ვადიმ ოსტანინი - ალექსეი ნავალნის ბერნაულის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი;
  • რიკო კრიგერი  - გერმანული წითელი ჯვრის თანამშრომელი, ბელარუსში დაკავებული;
  • გერმან მოიჟესი - რუსეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადვოკატი;
  • კევინ ლიკი - რუსი მოსწავლე, რუსეთის ისტორიაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ყველაზე ახალგაზრდა მსჯავრდებული;
  • დემური ვორონინი - რუსეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პოლიტოლოგი;
  • პატრიკ შებელი - გერმანიის მოქალაქე.

რუსეთში რვა პირი დაბრუნდება, მათ შორის, რუსულ დაზვერვასთან კავშირში ეჭვმიტანილებიც. გათავისუფლებულ რუსებს შორის არის ვადიმ კრასიკოვიც, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის 2019 წლიდან სამუდამო პატიმრობის სასჯელს გერმანიაში იხდიდა. 

კრემლის კრიტიკოსსა და რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას, სავარაუდოდ, აშშ-ში გადაიყვანენ. კარა-მურზა დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეა და მწვანე ბარათს ფლობს. 

შეთანხმების დეტალები, რომელსაც კოორდინაციას აშშ-ს რამდენიმე სამთავრობო უწყება უწევდა, მათ შორის თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, გასაიდუმლოებული იყო, თუმცა გაცვლის შესახებ სპეკულაციები რამდენიმე ცნობილი რუსი პოლიტპატიმრის, მათ შორის, კარა-მურზას ციხიდან გადაყვანის შემდეგ გავრცელდა. 

კომენტარები