რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე აფრიკის საჰელის რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ჯგუფი – დათვები –საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ რუსეთში ბრუნდებიან.
"დაქირავებულ მებრძოლთა კოდექსის მიხედვით, თუ დგახარ არჩევნის წინაშე - სამშობლო თუ ფული, ყოველთვის პირველი უნდა აირჩიო, რადგან ის შენ ერთადერთი გაქვს... დათვები! ყველა ესკადრონი დაბრუნდეს ბაზაზე... ჩვენ ვბრუნდებით. ესაა გზა." – წერია ჯგუფის გვერდზე.
ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ივნისში წერდა, როგორ ამტკიცებდა კრემლი აფრიკაში კონტროლს კსკ ვაგნერის ძალებზე. მასალაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შექმნა აფრიკული კორპუსი, რომელშიც დიდწილად ყოფილი ვაგნერელები შედიან, თუმცა მასში სხვა ჯგუფებიც წევრიანდება. მათ შორისაა სპეციალური დანიშნულების 81-ე ბრიგადა დათვები. როგორც მედია წერდა, ეს ჯგუფი ბურკინა-ფასოშია განთავსებული. ეს ინფორმაცია დათვების ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ფოტოებითა და ცნობებითაც დასტურდება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აფრიკის კორპუსი აბარია რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოს, ГРУ-ს.
კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მალევე რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ყალბი ცნობა, თითქოს აფრიკაში მებრძოლ ვაგნერელებს სამშობლოში აბრუნებდნენ. ეს ინფორმაცია ვაგნერის ძველ სტრუქტურასთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხებმა უარყვეს. თუმცა ამის შემდეგ Z ბლოგერები წერდნენ, რომ კურსკში ჩავიდა ყოფილი ვაგნერელების ჯგუფი, კსკ-ს ერთ-ერთი ყოფილი მეთაურის, ალექსანდრ კუზნეცოვის, იგივე რატიბორის მეთაურობით. რატიბორი 2024 წლის აპრილში, 3 000 ვაგნერელთან ერთად, ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის სპეცრაზმ ახმატს შეუერთდა.
გასულ დღეებში დასავლურ მედიებში ასევე გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთი უკრაინაში ფრონტის ხაზიდან კურსკში თავდასხმების მოსაგერიებლად დანაყოფების ნაწილს მოხსნიდა და აქ გადასხავდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
ასამდე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





