ვაგნერის ჯგუფი

NYT: აჯანყებიდან 1 წლის შემდეგ, კრემლი აფრიკაში ვაგნერის ძალებზე კონტროლს ამტკიცებს

ვაგნერის ინსტრუქტორები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად
ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი - Grey Zone

The New York Times-ი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო 1 წელში, ჩავარდნილი აჯანყების შემდეგ, კრემლმა აფრიკაში კსკ ვაგნერის გავლენებზე კონტროლის გამტკიცება დაიწყო და ჯგუფის ძალები საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ დაჯგუფებებში გადაანაწილა.

როგორც გამოცემა წერს, ვაგნერის აფრიკის განშტოებაზე კონტროლი მოიპოვა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და ის გააერთიანა აფრიკულ კორპუსში, რომელშიც სხვადასხვა მსგავსი დაჯგუფებებია თავმოყრილი.

როგორც NYT-ი დასავლელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აფრიკული კორპუსის რამდენიმე ასეული ინსტრუქტორი ბურკინა-ფასოში პირველად გასული წლის ბოლოს ჩავიდნენ. ამის დადასტურება შესაძლებელია ამ ჯგუფის ტელეგრამ-არხითაც. 

NYT-ის ცნობით, აპრილის შემდეგ ამ ჯგუფის 100-მდე ინსტრუქტორი განათავსეს ნიგერში, რათა ადგილობრივი სამხედროები გაწვრთნან. ამ ფუნქციას ადრე აშშ-სა და ევროპული ქვეყნების სამხედროები ასრულებდნენ. აქედან 1 კვირაში აშშ-მ გამოაცხადა, რომ ათასამდე სამხედროს ნიგერიდან გაიყვანდა.

სერგეი ელედინოვმა, უსაფრთხოების ანალიტიკოსმა და აფრიკაში მომუშავე რუსული კერძო სამხედრო კომპანიის ყოფილმა წარმომადგენელმა NYT-თან საუბარში თქვა, რომ აფრიკული კორპუსი პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთის მთავრობასთან, რაც "აფრიკული ხელისუფლებებისთვის უფრო ლეგიტიმური ჩანს". 

აფრიკული კორპუსის დაქირავებული სამხედროები გაგზავნეს ლიბიაშიც, რომელსაც რუსეთი დიდი ხანია იყენებს სამხედრო განლაგებების ცენტრად სუბსაჰარულ აფრიკაში. ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, ვაგნერის მუშაობა ლიბიაშიც აფრიკულმა კორპუსმა ჩაანაცვლა.

აფრიკული კორპუსის ტელეგრამ-არხზე წერია, რომ ჯგუფის ნახევარი ვაგნერის ვეტერანების მიერაა დაკომპლექტებული. გამოქვეყნებულ განცხადებებშიც ჩანს, რომ სამუშაოც იგივეა. აფრიკული კორპუსი ეძებს პირად დაცვებს, სახმელეთო ძალებს, დრონების ოპერატორებსა და ელექტრონული ბრძოლის სპეციალისტებს.

როგორც New York Times-ი წერს, აფრიკული კორპუსი არამხოლოდ ვაგნერის ძალებს მოიცავს, არამედ სხვა კერძო სამხედრო კომპანიებსაც აერთიანებს. მაგალითად, სპეციალური დანიშნულების 81-ე ბრიგადა დათვები არის ახალი სტრუქტურა, რომლის წარმომადგენლებიც ბურკინა-ფასოში გაგზავნეს.

დათვების დაქიარავებული სამხედროები ბურკინა-ფასოში

 

"ამ კომპანიებს შორის რაღაც სახის კონკურენციაა." - თქვა ოლექსანდრ დანილიუკმა, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის მეთაურის ყოფილმა მრჩეველმა NYT-თან საუბარში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აფრიკის კორპუსი აბარია რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოს, ГРУ-ს. 

NYT-ი ხაზს უსვამს, რომ ვაგნერი სრულად არ გამქრალა. მისი ზოგიერთი შტო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მოქმედებას აგრძელებს. მათ ახლო კავშირი აქვთ ადგილობრივ სამხედროებთან, პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებთან, რაც რუსეთისთვის ძალიან ფასეულია და მათი მოშორება არ უღირთ, როგორც ამას დასავლელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ფიქრობენ.

რუსეთს აფრიკაში პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ინტერესების გაღრმავება სურს. 2015 წლის შემდეგ მოსკოვმა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება 43 აფრიკულ სახელმწიფოსთან გააფორმა და 2018-2022 წლებში კონტინენტზე იარაღის უდიდესი მიმწოდებელი იყო. ვაგნერი აკონტროლებდა ოქროს საბადოებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში. რუსეთის ხელშია ბრილიანტების მომპოვებელი კომპანიები ანგოლასა და ზიმბაბვეში. ამას გარდა, რუსეთი ბურკინა-ფასოსა და მალის ბირთვული სექტორის განვითარებაში დახმარებას, მეტი აფრიკელი სტუდენტის მიღებასაც დაჰპირდა.

კომენტარები