უკრაინის არმიის სპიკერის ინფორმაციით, მოსკოვმა უკრაინის სამხრეთ ტერიტორიებიდან კურსკის დასაცავად "შედარებით მცირე" ჯარის დანაყოფების გაყვანა დაიწყო.
"რუსეთმა უკრაინის სამხრეთ ტერიტორიიდან, ზაპოროჟიედანაც და ხერსონიდანაც თავისი ჯარის დანაყოფების ნაწილი გაიყვანა". - თქვა უკრაინის არმიის წარმომადგენელმა, დმიტრო ლიხოვიიმ POLITICO-თან 13 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში.
უკრაინის არმიის გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინის წარმატებების პარალელურად, რუსეთის ჯარები ომის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში,კერძოდ, პოკროვსკის და დონეცკის ოლქის სხვა ნაწილებზე შეტევას განაგრძობენ. თუმცა, ლიხოვიიმ უკრაინულ ტელევიზიაში გამოსვლისას ასევე დაამატა, რომ რუსეთი თავისი ძალების გადაადგილებას
"სხვა, მათ შორის კურსკის მიმართულებით" განაგრძობს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
კურსკის გუბერნატორის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე თქვა, რომ ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.
მოხსენებისას სმირნოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქში სიგრძეში 12, ხოლო სიგანეში 40 კილომეტრით არიან შესულები.





