9 აგვისტოს საღამოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები გაზპრომის ფილიალის კართან დგანან და ირწმუნებიან, რომ კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას აკონტროლებენ.
"ქალაქში სიმშვიდეა, ყველაფერი მთელია. სუჯაში მდებარე გაზპრომის სტრატეგიული ობიექტი 61-ე მექანიზებული ბრიგადის 99-ე მექანიზებული ბატალიონის კონტროლქვეშაა." – ამბობენ სამხედროები გავრცელებულ ვიდეოში.
უკრაინულ მედიას ვიდეოს სანდოობა 61-ე ბრიგადის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ დაუდასტურა. დამოუკიდებელი წყაროებით ვიდეოს შინაარსის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია.
თავისუფალი რუსული მედია Медуза-ს ჟურნალისტები წერენ, რომ ვიდეო გადაღებულია გაზპრომის გაზის განაწილების ფილიალთან, ქალაქი სუჯის დასავლეთით. ეს ადგილი ცენტრიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული.
სუჯის მერი, ვიტალი სლაშჩევი რუსულ მედიასთან ირწმუნება, რომ ქალაქს უკრაინელი სამხედროები არ აკონტროლებენ.
"სუჯა ჩვენია, მიმდინარეობს ევაკუაცია." – ამბობს სლაშჩევი.
გასულ დღეს The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინა სუჯის გაზგამზომ სადგურს აკონტროლებდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





