რუსეთში რუს-ამერიკელ ბალერინას, ქსენია კარელინას უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 50 დოლარის გადარიცხვისთვის 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. კარელინას წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლითაა აღძრული.
კარელინა "დანაშაულს" აღიარებს.
8 აგვისტოს გამართულ სასამართლო მოსმენაზე პროკურორმა კარელინასთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელი მოითხოვა.
კარელინას საქმეზე შემდეგი სასამართლო მოსმენა 15 აგვისტოსაა ჩანიშნული, სადაც გადაწყდება, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე პროკურორის მოთხოვნას.
რუსეთისა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 33 წლის ბალერინა 2024 წლის თებერვალში, ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.
კარელინას განაჩენამდე ერთი კვირით ადრე რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა ისტორიული და ცივი ომის მერე ყველაზე მასშტაბური გაცვლა მოხდა. ქვეყნებს შორის შეთანხმების ფარგლებში, 7 სხვადასხვა ქვეყანაში დაპატიმრებული 24 პატიმრის გაცვლა მოხერხდა.
ცნობისთვის, 1 თვის წინ რუსეთში, ქალაქ ტომსკში უკრაინულ ფონდში 30 დოლარის გადარიცხვისთვის 21 წლის ადგილობრივ მცხოვრებს, ტატიანა ლალეტინასაც სასამართლომ 9 წლით პატიმრობა სახელმწიფო ღალატის მუხლით მიუსაჯა.





