დღეს, 13 მაისს, დილით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული გურამ ადამია დიღმის იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტაბულას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა დაუდასტურა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა იზოლატორში და გადაუდებელი გახდა მისი სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანა". - უთხრა ქობესაშვილმა ტაბულას. მისივე თქმით, გურამ ადამიას ინტერესებს საგამოძიებო სამსახურსა და სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრიც დაიცავს.
ეკა ქობესაშვილის თქმით, დაზიანებები სხეულის, განსაკუთრებით კი თავის არეში აღენიშნებათ მისი დაცვის ქვეშ მყოფებსაც. თუმცა, მისივე თქმით, იზოლატორის ექიმმა მათი კლინიკებში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა.
"დიღმის იზოლატორში მოვინახულეთ დაკავებულები. უმეტეს მათგანს აღენიშნებათ დაზიანებები სხეულის და თავის არეში, მაგრამ ძირითადად თავის არეში. განიცდიან ტკივილს. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ მიიჩნია იზოლატორის ექიმმა შესაბამისად, რომ მომხდარიყო მათი სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა. თუმცა, მათ აქვთ დაზიანებები და აცხადებენ, რომ დაზიანებები მიიღეს დაკავების დროს, როდესაც სამართალდამცველებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორებით მათი დაკავება". - უთხრა ქობესაშვილმა ტაბულას.
ამ დრომდე ვერ ხერხდება გურამ ადამიას ადვოკატთან დაკავშირება, ის, სავარაუდოდ, ამ დრომდე იზოლატორში იმყოფება და მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ინახულებს.
სამთავრობო მედია იმედის თქმით, გურამ ადამია მოლდოვის მოქალაქეა. იმავე მედიის მტკიცებით, ადამია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორიცაა.
"აღნიშნული პირი, პროვოკაციაზე წამოგების მიზნით, პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის შემდეგაც ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა და სამართალდამცველების მისამართით გაზი გამოიყენა". - წერს იმედი.
გურამ ადამიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას ტაბულა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებისგან ცდილობს. ადამიას ძალადობრივი დაკავების კადრები დღეს დილით გავრცელდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაუთენე საქართველოს 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს. 09:00 საათზე იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით სხდომის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. ქართული ოცნების დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეძახილების - "მონებო, რუსებო" ფონზე მოუწიათ.





