რუსული კანონი

ომბუდსმენი: პოლიციის მხრიდან დაფიქსირდა რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი

ტაბულა

სახალხო დამცველი პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი".

"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე.

ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ" - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაუთენე საქართველოს 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს. 09:00 საათზე იურიდიული კომიტეტი კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს - ქართული ოცნების დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეძახილების - "მონებო, რუსებო" ფონზე მოუწიათ. 

 

კომენტარები