პატიმრების გაქცევა

კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას.

პროკურორმა აღნიშნა, რომ საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულები უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული. 

პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება გუშინ, 3 ნოემბერს წარუდგინა.

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე ავერსის კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარი. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა” - განაცხადა პროკურატურამ.

3 პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი ავერსის კლინიკაში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილები. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა: "დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და, იქნებ, ასე შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება".

სამივე გაქცეული 2 ნოემბერს დააკავეს.

კომენტარები