პატიმრების გაქცევა

კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

shutterstock

თბილისში, ავერსის კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. ჩვენი ინფორმაციით, ეს პირი ბადრაგია.

2 ნოემბერს კი სამართალდამცველებმა საბადრაგო ჯგუფის უფროსი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა. სასამართლომ ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე, 4 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კიდევ ერთი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავა.

3 პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი ავერსის კლინიკაში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილები. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა: "დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და, იქნებ, ასე შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება".

სამივე გაქცეული 2 ნოემბერს დააკავეს.

კომენტარები