პატიმრების გაქცევა

სასამართლომ გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე ბადრაგს, რევაზ იასაშვილს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბადრაგი ბრალს აღიარებს. გამოძიება კი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს.

"პატიმრები, როგორც თვითონ აცხადებს, გააფრთხილა და ერთხელ გახსნილი საკვებური გადაკეტა ხელახლა. ანუ, მის თვალწინ გახსნეს ერთხელ და გადაკეტა. მიუხედავად ამისა, მაინც დატოვა სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ გასაღებით არ გადაკეტა. ამას აცხადებს თვითონ ბრალდებულიც და ეს ჩანს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის კადრებშიც. ამ ქმედებას ის ვერ ხსნის და თავს დამნაშავედ ცნობს. [...] ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ ბრალდებულთა წრის გაფართოების შესაძლებლობას" - თქვა პროკურორმა. 

3 პატიმრის გაქცევის საქმეზე რევაზ იასაშვილი დღეს, 6 ნოემბერს დააკავეს. ამავე საქმეზე პატიმრობა შეეფარდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილსაც.

6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაქცეული პატიმრების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

3 პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი ავერსის კლინიკაში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილები. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა: "დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და, იქნებ, ასე შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება".

სამივე გაქცეული 2 ნოემბერს დააკავეს.

კომენტარები