პატიმრების გაქცევა

ბრეგაძე: სამივე გაქცეული დამნაშავე დაკავებულია, მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ცნობით, ავერსის კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დააკავეს. მისი თქმით, "ეს არასრული 24-საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის", ვინც სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს.

"სამივე დამნაშავე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.

დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.

ეს არასრული 24-საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს" - წერს იუსტიციის მინისტრი.

3 პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან პირველ ნოემბერს გაიქცა. ისინი ავერსის კლინიკაში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილები. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა, "დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და, იქნებ, ასე შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება". 

შემთხვევასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. მუხლი დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯგუფურ გაქცევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაქცეული პატიმრების საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთი თანამშრომელიც დააკავეს. 

კომენტარები