პატიმრების გაქცევა

გაქცეული პატიმრების საქმე - ერთერთი მსჯავრდებულის ძმას 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაქცეული პატიმრების საქმეზე ავთანდილ თათარაშვილს დანაშაულის შეუტყიბინებლობისთვის 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ავთანდილ თათარაშვილი ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის ძმაა. ის გაქცეულებს ტანსაცმლით, საკვებით, ღამის გასათევით და მობილური ტელეფონებით დაეხმარა. 

"როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულ იქნა კიდევ ორი პირი, მათ შორის ერთ-ერთი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ნაცვლად იმისა, რომ შეეტყობინებინა შესაბამისი ორგანოებისთვის, უზრუნველყო ისინი ტანსაცმლით, საკვებით, ღამის გასათევით და მობილური ტელეფონებით. [...]  რაც შეეხება გაქცევის მოტივებს, წინასწარ განზრახვასთან დაკავშირებული რაიმე მტკიცებულება ამ ეტაპზე მოპოვებული არ გვაქვს. საქმეში არის მოცემულობა, მიეცათ რა საშუალება გაქცევისა, განახორციელეს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედება" - თქვა პროკურორმა. 

ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, თათარაშვილი ბრალს არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე ორმა გაქცეულმა პატიმარმა უარყო ავთანდილ თათარაშვილის საქმესთან კავშირი. 

ავთანდილ თათარაშვილი 4 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავა.

4 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს, ერთ-ერთი წევრი კი - დღეს, 6 ნოემბერს დააკავეს

3 პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი ავერსის კლინიკაში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილები. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა: "დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და, იქნებ, ასე შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება".

სამივე გაქცეული 2 ნოემბერს დააკავეს.

კომენტარები