პატიმრების გაქცევა

კარი სათანადოდ არ ჩაკეტა - პატიმრების გაქცევის საქმეზე ბადრაგს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა.

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე ავერსის კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარი. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა” - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

3 პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან პირველ ნოემბერს გაიქცა. ისინი ავერსის კლინიკაში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილები. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა, "დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და, იქნებ, ასე შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება”.

სამივე გაქცეული 2 ნოემბერს დააკავეს.

შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯგუფური გაქცევის ფაქტზე. მუხლი 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სამივე დაკავებულს "შესაბამისი სასჯელი მიესჯება".

კომენტარები