პატიმრების გაქცევა

ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებს: დროულად მოეგეთ გონს, ჩაბარდით სამართალდამცველებს

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ავერსის კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს მოუწოდა, სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.

"მოვუწოდებ ამ დამნაშავეებს, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და, იქნებ, ასე შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება". – თქვა რატი ბრეგაძემ.

მანვე მოუწოდა გაქცეულების ნათესავებსა და იმ პირებს, რომლებსაც მათთან შეხება შეიძლება ჰქონდეთ, არ დაეხმარონ პატიმრებს მიმალვაში.

"ამ ადამიანებისთვის ნებისმიერი სახის ხელშეწყობა არის მძიმე დანაშაული და, შესაბამისად, ის პირი, თუკი ვინმე ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს მიმალვაში, რა თქმა უნდა, იქნება კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი". – თქვა ბრეგაძემ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა უარყო ვერსიები, რომ გაქცეულმა პატიმრებმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც გაიტაცეს.

"სრული ტყულია, არავითარი პენიტეცნიური სამსახურის თანამშრომელი არ არის გატაცებული“. – თქვა ბრეგაძემ.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მინისტრი სხვა დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს. მანვე აღნიშნა, რომ თუ რომელიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, შესაბამისად დაისჯება. 

"გამოძიებისა და ოპერატიული ღონისძიებების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მეტ დეტალზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს. თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმებლობა, უნდა შეესრულებინა რაიმე მოქმედება და არ შეასრულა, რა თქმა უნდა, დადგება მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა". – თქვა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს თბილისში, ავერსის კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში კვლევებისთვის იყვნენ გადაყვანილები.

კომენტარები