აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯიმ ჯორდანის სპიკერის თანამდებობაზე დანიშვნის კენჭისყრა მეორედ ჩავარდა.
ამჯერად ჯორდანმა წინა კენჭისყრაზე ნაკლები ხმა აიღო. პირველ კენჭისყრაზე, რომელიც გუშინ, 17 ოქტომბერს, ჩატარდა, კონგრესმენს 200 რესპუბლიკელი უჭერდა მხარს, დღეს კი – 199. დემოკრატების კანდიდატმა ორივე კენჭისყრაზე 212 ხმა მოიპოვა.
ჯორდანს სპიკერის პოზიციის დასაკავებლად 217 ხმა სჭირდება, წარმომადგენელთა პარტიაში რესპუბლიკური პარტია კი 221 მანდატით არის წარმოდგენილი.
რესპუბლიკურმა პარტიამ ოჰაიოს შტატის წარმომადგენელი, ჯიმ ჯორდანი პალატის სპიკერის პოსტზე შიდა კენჭისყრის შედეგად 13 ოქტომბერს წარადგინა, მას შემდეგ, რაც სტივ სკალიზი არჩევნებს გამოეთიშა.
სპიკერის დანიშვნის სირთულის ფონზე, მისი მოვალეობის დროებითი შემსრულებელისთვის ძალაუფლების გაზრდა განიხილება, რათა აუცილებელი საქმეები შესრულდეს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას სპიკერი უკვე მე-16 დღეა აღარ ჰყავს, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკ-კარტი თანამდებობიდან გადააყენა. ამჟამად სპიკერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მაკჰენრია და მისი მთავარი მოვალეობა ახალი სპიკერის არჩევის პროცესის წარმართვაა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მის წინაშე არსებულ რიგ პრობლემებთან გამკლავებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.