24 ოქტომბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებმა შიდა კენჭისყრის შედეგად პალატის სპიკერის თანამდებობაზე კონგრესმენი ტომ ემერის კანდიდატურა წარადგინეს.
კენჭისყრაში თავდაპირველად მონაწილეობის მიღება ცხრა რესპუბლიკელმა გადაწყვიტა, რის გამოც კანდიდატის შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართა. კენჭისყრის პირველ ტურში კონგრესმენმა ტომ ემერმა 210-დან 78 ხმა მოიპოვა და ასე გააგრძელა, სანამ თითოეულ ტურში ყველაზე მცირე ხმების მქონე კანდიდატი არჩევნების პროცესს არ გამოეთიშა.
ბოლო კენჭისყრაში ტომ ემერი მაიკ ჯონსონს დაუპირისპირდა, რაც შედეგით 117-97, ემერის სასარგებლოდ დასრულდა.
კენჭისყრის დაწყებამდე ყველა კანდიდატი შეთანხმდა, რომ საბოლოოდ წარდგენილ კანდიდატს მხარს დაუჭერდნენ, თუმცა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მყიფე უმრავლესობის გამო, შეიძლება ტომ ემერს, სტივ სკალიზისა და ჯიმ ჯორდანის მსგავსად, 217 ხმის მოპოვება გაუჭირდეს.
კონგრესმენი ტომ ემერი წარმომადგენელთა პალატაში ერთ-ერთი მოწინავე რესპუბლიკელია. იგი რიგით მე-3 რესპუბლიკელად ითვლება, რადგან მას ხმების დათვლა და სპიკერის დღის წესრიგის გატარება ევალება.
ტომ ემერს ყოფილი სპიკერის კევინ მაკკარტის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მაკკარტის მსგავსად, შესაძლოა მასაც გაუჭირდეს ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელების მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ემერის მხრიდან დონალდ ტრამპის მიმართ არასაკმარისი მხარდაჭერის გამო.
ტომ ემერი შედარებით ზომიერ კანდიდატად მიიჩნევა: მან 2020 წლის არჩევნების შედეგების დამტკიცებას დაუჭირა მხარი, ასევე ხმა მისცა მაისში ვალზე ჭერის აწევას და სექტემბერში ფედერალური მთავრობის დაფინანსების გახანგრძლივებას.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას სპიკერი უკვე 22-ე დღეა აღარ ჰყავს, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა.
ამჟამად სპიკერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მაკჰენრია და მისი მთავარი მოვალეობა ახალი სპიკერის არჩევის პროცესის წარმართვაა.
მაკკარტის გადაყენების შემდეგ რესპუბლიკელებმა სპიკერის კანდიდატობაზე თავდაპირველად სტივ სკალიზი აირჩიეს, თუმცა არასაკმარისი ხმების გამო იგი პროცესს გამოეთიშა, რის შემდეგაც სპიკერობაზე ჯიმ ჯორდანმა იყარა კენჭი, თუმცა ყოველ კენჭისყრის ეტაპზე მან ხმები დაკარგა და საბოლოოდ მისი კანდიდატურა რესპუბლიკელებმა მოხსნეს.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას მის წინაშე არსებულ რიგ პრობლემებთან გამკლავებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.