აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯიმ ჯორდანის სპიკერის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი კენჭისყრა ჩავარდა.
რესპუბლიკელების მიერ ნომინირებულ ჯიმ ჯორდანს სპიკერის პოზიციის დასაკავებლად 217 ხმის მიღება სჭირდება.
პალატაში წარმოდგენილი 221 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიუხედავად, ჯიმ ჯორდანმა პირველ კენჭისყრაზე 200 ხმა აიღო, ხოლო დემოკრატების კანდიდატმა - 212.
მიმდინარე კენჭისყრის პროცესი ჯიმ ჯორდანსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ განახლდება, თუმცა რესპუბლიკურ პარტიაში რიგი კონგრესმენები არ ემხრობიან ჯიმ ჯორდანის კანდიდატურას.
6 იანვარს, კევინ მაკკარტის მიერ სპიკერის თანამდებობის დაკავებამდე კენჭისყრის პროცესი 15-ჯერ ჩავარდა.
რესპუბლიკური პარტიის წევრებმა შიდა კენჭისყრის დროს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე ოჰაიოს შტატის კონგრესმენის, ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა 13 ოქტომბერს წარადგინეს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას სპიკერი უკვე მე-15 დღეა აღარ ჰყავს, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკ-კარტი თანამდებობიდან გადააყენა. ამჟამად სპიკერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მაკჰენრია და მისი მთავარი მოვალეობა ახალი სპიკერის არჩევის პროცესის წარმართვაა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მის წინაშე არსებულ რიგ პრობლემებთან გამკლავებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.