აშშ

რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნომინაციაზე ჯიმ ჯორდანი წარადგინა

USA Today

13 ოქტომბერს, რესპუბლიკური პარტიის წევრებმა შიდა კენჭისყრის დროს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე ოჰაიოს შტატის კონგრესმენის, ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა წარადგინეს

კენჭისყრაზე ჯორდანის წინააღმდეგ 50-მა რესპუბლიკელმა მისცა ხმა. ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია 221 მანდატითაა წარმოდგენილი. ჯორდანს სპიკერობის თანამდებობის მოსაპოვებლად 217 ხმის მიღება სჭირდება, რაც თითქმის ყველა რესპუბლიკელი წარმომადგენლის მხარდაჭერას გულისხმობს.

13 ოქტომბერს, რესპუბლიკური პარტიის სპიკერის პოზიციაზე კონგრესმენი სტივ სკალიზის მიერ ნომინაციის მოპოვებიდან ერთი დღის შემდეგ, სკალიზმა განაცხადა, რომ იგი სპიკერის არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის.

დახურულ სხდომაზე ჩატარებულ არჩევნებში სკალიზმა კონკურენტი ჯიმ ჯორდანი ხმათა რაოდენობით 113-99 დაამარცხა, თუმცა სხდომის დამთავრების შემდეგ რესპუბლიკელ წარმომადგენელთა ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი მაინც ჯიმ ჯორდანის კანდიტატურას დაუჭერდნენ მხარს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას სპიკერი უკვე მე-11 დღეა აღარ ჰყავს, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკ-კარტი თანამდებობიდან გადააყენა. ამჟამად სპიკერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მაკჰენრია და მისი მთავარი მოვალეობა ახალი სპიკერის არჩევის პროცესის წარმართვაა. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მის წინაშე არსებულ რიგ პრობლემებთან გამკლავებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.

კომენტარები