აშშ

სტივ სკალიზი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნების პროცესს ეთიშება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი სტივ სკალიზი
CNN

13 ოქტომბერს, რესპუბლიკური პარტიის სპიკერის პოზიციაზე კონგრესმენი სტივ სკალიზის მიერ ნომინაციის მოპოვებიდან ერთი დღის შემდეგ, სკალიზმა განაცხადა, რომ იგი სპიკერის არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის.

დახურულ სხდომაზე ჩატარებულ არჩევნებში სკალიზმა კონკურენტი ჯიმ ჯორდანი ხმათა რაოდენობით 113-99 დაამარცხა, თუმცა სხდომის დამთავრების შემდეგ რესპუბლიკელ წარმომადგენელთა ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი მაინც ჯიმ ჯორდანის კანდიტატურას დაუჭერდნენ მხარს.

“აშკარაა, რომ ჩვენს კონფერენციას კვლავ ბევრი სამუშაო აქვს. იგი ჯერ კიდევ არ არის ერთიანი. არიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგის გატარება აინტერესებთ” - თქვა სკალიზიმ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში. 

სკალიზის სპიკერობის თანამდებობის მოსაპოვებლად 217 ხმის მიღება სჭირდებოდა, რაც თითქმის ყველა რესპუბლიკელი წარმომადგენლის მხარდაჭერას გულისხმობდა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას სპიკერი უკვე მე-11 დღეა აღარ ჰყავს, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკ-კარტი თანამდებობიდან გადააყენა. ამჟამად სპიკერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მაკჰენრია და მისი მთავარი მოვალეობა ახალი სპიკერის არჩევის პროცესის წარმართვაა. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მის წინაშე არსებულ რიგ პრობლემებთან გამკლავებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.

კომენტარები