19 ოქტომბერს რესპუბლიკელ კონგრესმენებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები განიხილეს.
როგორც AP წერს, სპიკერობის კანდიდატმა ჯიმ ჯორდანმა თავის თანაპარტიელებს უთხრა, რომ მესამედ კენჭისყრის მოწყობის ნაცვლად სპიკერის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, პატრიკ მაკჰენრის უფლებამოსილების გაძლიერებას დაუჭერს მხარს, რათა წარმომადგენელთა პალატამ აუცილებელი საქმიანობები შეასრულოს.
გეგმის მიხედვით, მაკჰენრი სპიკერის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იანვრამდე იქნება, რა დრომდეც ჯორდანი აპირებს, რომ პალატაში მხარდამჭერთა მოპოვებაზე იმუშაოს.
ყველა დემოკრატისა და თავისი თანაპარტიელების ნაწილის წინააღმდეგობის ფონზე, ჯორდანის სპიკერად დანიშვნაზე კენჭისყრა უკვე ორჯერ ჩავარდა. პირველ კენჭისყრაზე მან 200 ხმა აიღო, მეორეზე კი - 199, ერთით ნაკლები.
ჯორდანს სპიკერის პოზიციის დასაკავებლად 217 ხმა სჭირდება, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია კი 221 მანდატით არის წარმოდგენილი.
რესპუბლიკელთა რადიკალური ფლანგი, რომელმაც კევინ მაკკართის გადაყენებას დაუჭირა მხარი ოქტომბრის დასაწყისში, ჯორდანის ამ გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას სპიკერი უკვე მე-17 დღეა აღარ ჰყავს, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა.
ამჟამად სპიკერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მაკჰენრია და მისი მთავარი მოვალეობა ახალი სპიკერის არჩევის პროცესის წარმართვაა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მის წინაშე არსებულ რიგ პრობლემებთან გამკლავებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.