დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თქმით, ვერტმფრენებით ლიბანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალების კუთვნილი IAF Sikorsky Blackhawk ვერტმფრენი
Kobi Gideon/Flash90

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს მოკლე განცხადება, რომლის მიხედვითაც ამჟამად ვერტმფრენებით ლიბანის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთით შევიდა ჯერჯერობით გაურკვეველ პირთა ჯგუფი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანეიტრალა.

ლიბანში გაეროს დროებითი ძალების (UNIFIL) სამშვიდობოების ცნობით, დღეს, 9 ოქტომბერს სამხრეთ-დასავლეთ ლიბანში, ალ-ბუსტანთან ახლოს აფეთქებები ისმოდა. ამასთან, UNIFIL-ის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა აროლდო ლაზარომ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ და ესკალაციის თავიდან ასარიდებლად კოორდინაციის მექანიზმების გამოყენებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ლიბანის არმიამ გაავრცელა ცნობა, რომ ლაზარო 9 ოქტომბერს ლიბანის არმიის მეთაურს, გენერალ ჯოზეფ აუნსაც შეხვდა და სამხრეთ საზღვართან სიტუაცია განიხილა.

ლიბანის სამხრეთს აკონტროლებს ირანის მარიონეტული დაჯგუფება, ჰეზბოლა, რომელიც ჰამასს მხარდაჭერას უცხადებს. ამას გარდა, ამავე რეგიონში მოქმედებენ პალესტინური რადიკალური დაჯგუფებებიც.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მოსაზღვრე ქალაქებზე კონტროლი აღადგინეს, თუმცა დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.

კომენტარები