ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მოსაზღვრე ქალაქებზე კონტროლი აღდგენილია, თუმცა დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, შაარ ჰანეგევის რეგიონულ საბჭოში მოკლეს 3 ტერორისტი, ბეერში 1, ჰოლითსა და სუფაში 5, ალუმინში კი - 4. მისივე თქმით, ამჟამად სხვა ქალაქებში შეტაკებები არ მიმდინარეობს.
"შესაძლოა, რომ ამ არეალში ტერორისტები რჩებოდნენ". – დაამატა სპიკერმა.
ჰაგარის თქმით, ადგილებს, სადაც საზღვარზე გარღვევები დაფიქსირდა, ტანკებით, საბრძოლო ვერტმფრენებითა და დრონებით გაკონტროლდება.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, 24 მოსაზღვრე ქალაქიდან ევაკუაცია 15-ში ჩატარდა და ამ პროცესს გააგრძელებენ. ქალაქი სდეროთიდან მოსახლეობის გამოყვანა, ჯერჯერობით, არ იგეგმება.
ჰაგარის თქმით, მობილიზებულია 300 000 რეზერვისტი.
ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.
თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.
ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.
ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.
საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.





