დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელში გაურკვეველი პირები შევიდნენ, ვრცელდება შეტაკების ცნობები

ისრაელის თავდაცვის ძალები სდეროთის ქუჩებს აკონტროლებენ. 2023 წლის 8 ოქტომბერი.
Menahem KAHANA / AFP

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთით ჯერჯერობით გარუკვეველ პირთა ჯგუფი შევიდა

გავრცელებული ცნობებით, საზღვართან ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმები.

ჰეზბოლასთან დაკავშირებული მედიის, ალ-მანარის რეპორტიორმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ისმის სროლისა და აფეთქების ხმები, ლიბანის სასაზღვრო სოფლის, დაირას მახლობლად.

 "ისრაელის თავდაცვის ძალები ადგილზე არიან". – თქვეს ისრაელის სამხედრო უწყებაში.

მცირე ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ცნობა, რომ ლიბანის საზღვართან რამდენიმე შეიარაღებული პირი მოკლეს და ტერიტორიის დაზვერვას აგრძელებენ.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ლიბანის სამხრეთს აკონტროლებს ირანის მარიონეტული დაჯგუფება, ჰეზბოლა, რომელიც ჰამასს მხარდაჭერას უცხადებს. ამას გარდა, ამავე რეგიონში მოქმედებენ პალესტინური რადიკალური დაჯგუფებებიც.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები