FIFA

FIFA-მ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატებზე დაუშვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და FIFA-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო მოსკოვის დიდ თეატრში, 2018 წლის 14 ივლისი
Yuri Kadobnov/Pool Photo via AP, File

UEFA-ს შემდეგ, საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთის 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებისთვის შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება FIFA-მაც მიიღო.

"UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის 2023 წლის 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ ერთხელ დაუშვას რუსეთის წარმომადგენლობითი ახალგაზრდული გუნდების მონაწილეობა 17-წლამდე გოგონებისა და ვაჟებისთვის, FIFA-ს საბჭომ დაამტკიცა ამ გადაწყვეტილების გაგრძელება FIFA-ს U-17 მსოფლიო ჩემპიონატსა და FIFA-ს U-17 ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლებისთვისაც UEFA-ს შეჯიბრებები საკვალიფიკაციო გზის როლს ასრულებს. შესაბამისად, ამ ტურნირებში რუსეთის ნაკრებების მონაწილეობის შეზღუდვა უქმდება". - წერია FIFA-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, რუს ფეხბურთელებს ტურნირებში მონაწილეობა სახელმწიფო დროშისა და ჰიმნის გამოყენების გარეშე, რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელით შეეძლებათ.

ამასთან, ასოციაციამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, დაადასტურა, რომ ორგანიზაცია ერთგული რჩება 2022 წლის თებერვალში მიღებული ყველა დანარჩენი გადაწყვეტილების და აღნიშნა, რომ შეზღუდვები ძალაში დარჩება კონფლიქტის დასრულებამდე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ინდონეზიაში 10 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ჩატარდება. რუსეთის საფეხბურთო კავშირის გუნდი წლევანდელ ტურნირზე ასპარეზობას ვერ შეძლებს, რადგან UEFA-ს საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში მონაწილეობა აკრძალვის გამო ვერ შეძლო.

26 სექტემბერს რუსეთის 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვა UEFA-მაც. ნაკრებები არ ითამაშებენ რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე თამაშის დროს აკრძალული ექნებათ დროშის, ჰიმნის და ეროვნული ფორმის გამოყენება.

ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის შემდეგი ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მიმდინარე თვეში დაიწყება. რუსეთის ნაკრებების მომავალმა მეტოქეებმა, მათ შორის პოლონეთმა, შვედეთმა და შვეიცარიამ, მათთან თამაშზე უკვე უარი თქვეს.

FIFA-მ და UEFA-მ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე რუსეთის ნაკრებების აკრძალვის გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის თებერვალში მიიღეს.

კომენტარები