რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს თავიანთ ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალეს

ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა, FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცრეს. ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებსა და კლუბებს ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირსა და მატჩებში მონაწილეობის უფლება აეკრძალათ.

ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო მიიღეს. FIFA-მ და UEFA-მ აგრეთვე სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს და იმედი გამოთქვეს, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები