UEFA

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია: რუსეთის 17-წლამდე ნაკრებებთან არ ვითამაშებთ

ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებები რუსეთის 17-წლამდე ნაკრებებთან არ ითამაშებენ. ინფორმაციას გამოცემა Times ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა რომ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) რუსეთის 17-წლამდე ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვა. 

ნაკრებები არ ითამაშებენ რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე თამაშის დროს აკრძალული ექნებათ დროშის, ჰიმნის და ეროვნული ფორმის გამოყენება.

UEFA-ს შეზღუდვები სხვა ასაკობრივ ნაკრებებზე და რუსულ კლუბებზე უკრაინაში ომის დასრულებამდე შენარჩუნდება. 

რუსი სპორტსმენები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ წამყვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან მოხსნეს. 

მიმდინარე წლის მარტში ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა დაეშვათ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე იმ შემთხვევაში თუ მონაწილეები ღიად არ უჭერენ ომს მხარს ან რამე ფორმით არ არიან კავშირში რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. კომიტეტის რეკომენდაციას უკრაინაში და სხვა ქვეყნებში კრიტიკით შეხვდნენ. დღეის მდგომარეობით რუსეთი და ბელარუს 2024 წლის ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან.

კომენტარები