აშშ - ჩრდილოეთ კორეა - სამხრეთ კორეა

იუნ სუკ იოლი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოკავშირეობის საკითხს გაეროში განიხილავს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი
REUTERS/Kim Hong-Ji/Pool

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობის საკითხზე ოთხშაბათს, 20 სექტემბერს გაეროს ყოველწლიურ შეკრებაზე ისაუბრებს.

Მისივე თქმით აშშ-სთან, იაპონიასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად კონტრზომების შესახებ გეგმებს განიხილავს.   

12 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოსკოვში სამიტზე იმყოფებოდა. უცხოელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთს უკრაინასთან 18-თვიანი ომის პერიოდში არსებული საბრძოლო მარაგი ამოეწურა, ხოლო ჩრდილოეთ კორეას სამხრეთ კორეასა და აშშ-ის მსგავსად მოდერნიზებული იარაღი სჭირდება. შესაბამისად, კიმ ჩენ ინს შეუძლია, რუსეთი ეკონომიკური დახმარებისა და ტექნოლოგიების მიწოდების სანაცვლოდ საბრძოლო იარაღით მოამარაგოს.

“ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა უკანონო და უსამართლოა, რადგან ის ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებსა და სხვა საერთაშორისო სანქციებს”. - თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა Associated Press-ის კითხვებზე წერილობით პასუხში.

ამასთან, თავად პრეზიდენტი იუნი აქტიურად არის ჩართული უკრაინის მხარდასაჭერ კამპანიაში. იგი ერთ-ერთ განცხადებაში ამბობს, რომ სამხრეთ კორეა უკრაინას წელს დაპირებული $150 მილიონის გარდა მომავალ წელს დამატებით $300 მილიონს გამოუყოფს.

თავად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას, ამასთანავე, აშშ-ის შორის ურთიერთობებში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი დაძაბულობის მთავარი წყაროა. პოტენციური კონფლიქტების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოყენებით ღიად იმუქრება. სწორედ ამიტომ, იუნი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპრილში ერთობლივი სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე, აშშ-ს სტრატეგიული აქტივების დროებითი განლაგების გაზრდისა და ორმხრივი ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

"ორმა ქვეყანამ [სამხრეთ კორეამ და აშშ-მა] კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებისმიერ ბირთვულ თავდასხმას მოჰყვება სწრაფი, აბსოლუტური და გადამწყვეტი პასუხი, რაც რეჟიმის დასასრულს გამოიწვევს“. - თქვა იუნმა.

კომენტარები