აშშ - ჩრდილოეთ კორეა - სამხრეთ კორეა

სამხედრო წვრთნებმა კორეის ნახევარკუნძული დენთის საწყობად აქცია, ის შეიძლება აფეთქდეს – KCNA

kcna

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას აფრთხილებს, რომ ერთობლივი წვრთნების გაგრძელებით ბირთვული ომის საფრთხე სულ უფრო მწვავდება. როგორც სახელმწიფო მედია, KCNA იუწყება, დაძაბულობის გაღვივებას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება.

"ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აშშ-სა და მისი მიმდევრების მიერ წამოწყებული დაუდევარი სამხედრო კონფრონტაცია კორეის ნახევარკუნძულს კატასტროფისკენ მიაქანებს... ამას ბირთვული ომის ზღვრამდე მივყავართ. სამხედრო წვრთნებმა ნახევარკუნძული დენთის უზარმაზარ საწყობად აქცია, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს". - წერს სახელმწიფო მედია.

მანამდე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია KCNA-მ გაავრცელა.

კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კიმმა ბირთვული იარაღის სახელმწიფო ინსტიტუტის ოფიციალურ პირებთან და მეცნიერებთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია ბირთვული იარაღის მარაგის "ექსპონენციური" ზრდა.

გარდა ამისა, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა, ბირთვული იარაღი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გამოიყენოს. მისივე თქმით, ატომური ძალების მუდმივი გაძლიერება სახელმწიფო სუვერენიტეტის, სისტემისა და ხალხის დაცვის წინაპირობაა.

კომენტარები