აშშ - ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ბირთვული დარტყმის სიმულაცია აშშ-ს გასაფრთხილებლად ჩაატარეს

KCNA/Reuters

CNN-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ბირთვული დარტყმის სიმულაცია აშშ-ს გასაფრთხილებლად ჩაატარეს.

"ქვეყანამ რამდენიმე საკრუიზო რაკეტა გაუშვა, ზოგიერთი მათგანი აღჭურვილი იყო იმიტირებული ბირთვული ქობინით. ტაქტიკური ბირთვული თავდასხმის სიმულაცია - წვრთნები გამიზნული იყო მტრების გასაფრთხილებლად ბირთვული ომის რეალური საფრთხის შესახებ". - განაცხადა კორეის მუშათა პარტიის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ.

მათივე თქმით, წვრთნები 2 სექტემბერს ჩატარდა და მოიცავდა "ორ შორ მანძილზე მყოფ სტრატეგიულ საკრუიზო რაკეტას იმიტირებული ბირთვული ქობინით".

სამხედრო კომისიის თქმით, დადგმული ბირთვული თავდასხმა აშშ-სა და სამხრეთ კორეის მიერ ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზე პასუხი იყო. 


29 აგვისტოს, აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუსთან მახლობლად სამხედრო საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. წვრთნის მიზანი ჩრდილოეთ კორეის აგრესიული ქმედებების ფონზე მომდინარე საშიშროების სწრაფად დადგენის, მიდევნებისა და ინფორმაციის ერთმანეთში გაზიარების გაძლიერებაა. 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამი ქვეყნის ლიდერებს "დაჯგუფების უფროსები" უწოდა და აგვისტოს დასაწყისში, როდესაც პირველად მოხდა აღნიშნული წვრთნების დაანონსება, კიმ ჩენ ინმა მათ სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ბირთვული ომის საფრთხის შექმნაში დასდო ბრალი.

ამავდროულად, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ძალები ქვეყნის ბირთვული შეკავების ერთ-ერთი კომპონენტი გახდება და მისი თქმით, საზღვაო ძალები მზად უნდა იყვნენ, რომ "მტერში ომის სურვილი ჩაახშოს". 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა გეგმავს წყალქვეშა გემებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას, რომლებიც ბირთვული იარაღით იქნებიან დატვირთული. 

სამხედრო წვრთნებს წინ უძღვოდა 18 აგვისტოს მერილენდში, კემპ დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ისტორიული სამიტი.

სამიტის მთავარი განხილვის თემა იყო აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის პროვოკაციებისა და ჩრდილოეთ კორეის ატომური საფრთხის წინააღმდეგ მხარეებს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება.

კომენტარები