რუსეთი - ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

კიმ ჩენ ინი, ფოტო გადაღებულია ფხენიანში 2023 წლის 10 სექტემბერს
Associated Press

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში პირადი ბრონირებული მატარებლით ჩავიდა

კიმი ვიზიტის ფარგლებში რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. შეხვედრა ქალაქ ვლადივოსტოკში შედგება, რომელშიც ამჟამად აღმოსავლეთის სამიტი მიმდინარეობს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ერთად რუსეთში ჩავიდნენ ქვეყნის სამხედრო შტაბის მაღალჩინოსნები. დასავლური დაზვერვის ინფორმაციით შეხვედრის მთავარი მიზანია ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შეძენა. 

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებას განიხილავენ. კორეის ლიდერი კი რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელის.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, თუ ფხენიანი მოსკოვს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იარაღს მიაწვდის, ეს "ჩრდილოეთ კორეაზე კარგად არ აისახება და საერთაშორისო საზოგადოებაში ამისთვის ფასს გადაიხდიან".

კიმი საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით ოთხი წლის განმავლობაში პირველად გაემგზავრა.

კრემლში განაცხადეს, რომ ლიდერები შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობას, რეგიონალურ პრობლემებსა და საერთაშორისო ამბებს განიხილავენ.

კომენტარები