აშშ - ჩრდილოეთ კორეა - სამხრეთ კორეა

აშშ-სამხრეთ კორეის წვრთნებს დაწყებამდე ჩრდ. კორეამ ფრთოსანი რაკეტები გამოცადა

აშშ-სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალქვეშა ნავიდან ორი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტის გაშვება. 2023 წლის 12 მარტი
KCNA/REUTERS 

აშშ-სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ჩრდილოეთ კორეამ 12 მარტს წყალქვეშა ნავიდან ორი სტრატეგიული ("სტრატეგიული" ჩვეულებრივ გამოიყენება იარაღის აღსაწერად, რომელსაც აქვს ბირთვული შესაძლებლობები) ფრთოსანი რაკეტა გამოცადა. ინფორმაცია კორეის სამთავრობო არხმა KCNA-მ გაავრცელა.

KCNA-ს ინფორმაციით, გაშვებამ დაადასტურა სისტემის სანდოობა და გამოცადა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეკავების ნაწილის, წყალქვეშა ნავების დანაყოფების წყალქვეშა თავდასხმითი ოპერაციების შესაძლებლობები.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა (JCS) აღნიშნეს, რომ სამხედროები მზადყოფნაში იმყოფებოდნენ, ხოლო ქვეყნის სადაზვერვო სააგენტო ამერიკელ კოლეგებთან ერთად გაშვების სპეციფიკის გასაანალიზებლად მუშაობს.

13 მარტს სამხრეთ კორეისა და ამერიკის ჯარებმა დაიწყეს ერთობლივი 11-დღიანი წვრთნები, სახელწოდებით "თავისუფლების ფარი 23", რომელიც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება.

ჩრდილოეთ კორეა წვრთნებს შეჭრის რეპეტიციად მიიჩნევს. ამასთანავე, გასულ წელს მან ჩაატარა რეკორდული რაოდენობის სარაკეტო ტესტები და წვრთნები, რაც, მისი თქმით, არის ბირთვული შემაკავებელი ძალის გაძლიერებისა და მეტი იარაღის მზადყოფნაში მოყვანის მცდელობა.

კომენტარები