სტიქია შოვში

სარჯველაძე: არ გვქონია სურვილი, გმირობა დაგვეკნინებინა – პატიებას ვითხოვთ, თუ ასე გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას და "სინანულს" შოვში, სტიქიის ზონაში გადარჩენილ დავით ჯელაძეზე გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, დასაფასებელ საქციელს უწოდებს. "რასაკვირველია, მე მას ვუერთდები".- ამბობს სარჯველაძე. 

როგორც ოცნების დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არავის არ ჰქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი ან გმირობა დაკნინებულიყო. მისივე თქმით, პატიებას ითხოვენ, თუკი ვინმეს ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა. 

"ის, რაც გუშინ ირაკლიმ თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, ყველაზე მეტად რაც ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და კორექტული იყო. რა თქმა უნდა, არავის არ გვქონია არც პირველ დღეს, არც მეორე დღეს და არც არასდროს სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ეროვნული საქციელი, ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი, რაც გააკეთა ირაკლიმ და, რასაკვირველია, მე მას ვუერთდები.

მეც მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც არამცთუ გადარჩა, არამედ პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა.

არც მე და არც ირაკლის არ გვქონია ამის განზრახვა, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ".- თქვა სარჯველაძემ. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ გავრცელებულ პოსტზე თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია. კობახიძის მტკიცებით, იმ ადგილას, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასევე, კობახიძის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა. როგორც მან ბრიფინგზე საუბრისას აღნიშნა, ეს წარმოუდგენელი ტყუილია.

რამდენიმე დღის შემდეგ კობახიძემ მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ ის სტიქიის ზონაში გადარჩენილ ჯელაძეს ესაუბრა  და დავითი "გულიანი ვაჟკაცი და რაჭველი კაცია". მისი განმარტებით, ბრიფინგზე უბრალოდ კითხვა დასვა, თუ ვის მიერ იყო ფოტო გადაღებული და იყო თუ არა რეალური. კობახიძემ ასევე თქვა, რომ ის ჯელაძეს ტელეფონით უკვე ესაუბრა და  მისი ისტორია დეტალურად მოისმინა. ბოლოს კი დასძინა, რომ სინანულს გამოხატავს თუკი ჯელაძეს გული ატკინა. 

კომენტარები