სტიქია შოვში

კობახიძე ჯელაძეზე: სინანულს გამოვხატავ, რომ გული ვატკინე – გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცია

ქართული ოცნების თავმჯდომარე შოვში, სტიქიის ზონაში გადარჩენილ დავით ჯელასთან დაკავშირებით  კიდევ ერთ კომენტარს ავრცელებს და ამბობს, რომ დავითი "გულიანი ვაჟკაცი და რაჭველი კაცია". 

კობახიძის განმარტებით, ბრიფინგზე მან უბრალოდ კითხვა დასვა, თუ ვის მიერ იყო ფოტო გადაღებული და იყო თუ არა რეალური. როგორც უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ჯელაძეს ტელეფონით უკვე ესაუბრა და  მისი ისტორია დეტალურად მოისმინა. 

კობახიძის თქმით, ის სინანულს გამოხატავს, რომ ჯელაძეს გული ატკინა. 

"მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელასთან. ასევე შევხვდი მას. პირველი, რაც მინდა გითხრათ, მინდა ჩემი ადამიანური შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ეს ისტორია, რომელიც მას გადახდა და ნუ წამოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა, ყველაფერი გაააკეთა მისთვის, რომ დისშვილი მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოეყვანა. თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს გამოვლილი მის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული. 

[...] მე არც ვიცოდი ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და რა იყო ასახული. აქედან გამომდინარე კითხვა დავსვი, რამდენად შეესაბამებოდა ფოტო სიმართლეს. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში. ეს ფოტო იყო დათო ჯელაძის მიერ დადებული. დეტალურად მომიყვა ისტორია პირადად. 

პირველ რიგში, სინანული მინდა გამოვხატო, იმასთან დაკავშირებით, რომ გული ვატკინე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი. მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარია, რომ ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა. გადარჩა ის, მისი დისშვილი მისი ოჯახი და ამაში არის მისი დიდი დამსახურება და იმ გზის, რომელიც გამოიარა დისშვილთან ერთად".- ამბობს კობახიძე. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ გავრცელებულ პოსტზე თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია. კობახიძის მტკიცებით, იმ ადგილას, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასევე, კობახიძის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა. კობახიძე ამბობს, რომ ეს წარმოუდგენელი ტყუილია.

კომენტარები