The Killers

რამიშვილი: კილერსების შოუზე ჩანს ღრმა და უკიდეგანო პროვინციალიზმი ქართველი ლიბერალებისა

15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე ჩატარებულ The Killers-ის კონცერტს გამოეხმაურა PosTV-ის დამფუძნებელი და ქართული ოცნების პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი.

"კილერსების შოუზე ჩანს ღრმა და უკიდეგანო პროვინციალიზმი ქართველი "ლიბერალებისა". მათი აზრით ყველა ამერიკა ევროპიელი რუსოფობი უნდა იყოს. ამას გარდა აღსანიშნავია საოცარი ორგანიზებულობა "მეპროტესტეების" რაც მიგვანიშნებს რომ მათ ერთი ან ორი მმართველი ცენტრი ჰყავთ, რომელიც მკაფიო ინსტრუქციებს გასცემს ოპერატიულად". – წერს რამიშვილი სოციალურ ქსელში.


15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე როკ ბენდ The Killers-ის კონცერტი გაიმართა.

ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ, ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, ტრადიციულად, იკითხა, იყვნენ თუ არა დარბაზში შეკრებილ მსმენელთა შორის ისეთები, ვინც დრამზე დაკვრა იცოდა.

შერჩეული დრამერი ფლაუერსმა სცენაზე აიყვანა და ეროვნების შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ დრამერი რუსი აღმოჩნდა.

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. სიმღერის დასრულებას კი მსმენელთა ნაწილის მხრიდან სტვენა მოჰყვა.

ამის შემდეგ, The Killers-ის ფრონტმენმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ დარბაზში შეკრებილი მსმენელები ერთმანეთის დები და ძმები არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.

ფლაუერსის მიმართვას აუდიტორიის მხრიდან კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მსმენელთა დიდმა ნაწილმა კი დარბაზი დატოვა. კონცერტი სტვენის და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დასრულდა. 

მოგვიანებით ბენდმა და Black Sea Arena-მ ბოდიში მოიხადა.

Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა გამოეხმაურა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები: Imagine Dragons, The Killers, ბრუნო მარსი და სხვა. საქართველოს მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და "კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა".

კომენტარები