The Killers

როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო მედია THE KILLERS-ის კონცერტს

15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე როკ ბენდ The Killers-ის კონცერტი გაიმართა.

ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ, ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, ტრადიციულად, იკითხა, იყვნენ თუ არა დარბაზში შეკრებილ მსმენელთა შორის ისეთები, ვინც დრამზე დაკვრა იცოდა.

შერჩეული დრამერი ფლაუერსმა სცენაზე აიყვანა და ეროვნების შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ დრამერი რუსი აღმოჩნდა.

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. სიმღერის დასრულებას კი მსმენელთა ნაწილის მხრიდან სტვენა მოჰყვა.

ამის შემდეგ, The Killers-ის ფრონტმენმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ დარბაზში შეკრებილი მსმენელები ერთმანეთის დები და ძმები არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.

ფლაუერსის მიმართვას აუდიტორიის მხრიდან კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მსმენელთა დიდმა ნაწილმა კი დარბაზი დატოვა. კონცერტი სტვენის და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დასრულდა. 

Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა გამოეხმაურა.

გამოცემა The Guardian:

"The Killers-მა ბოდიში მოიხადა. მიზეზი საქართველოში მიმდინარე კონცერტზე სცენაზე რუსი თაყვანისმცემლის ამოყვანა გახდა. საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც რუსეთი 2008 წელს შეიჭრა. სოლისტმა მსმენელს უთხრა, რომ რუსები და ქართველები ძმები და დები არიან. 

შემთხვევა სამშაბათს საღამოს, ბათუმში მოხდა. 

"ჩვენ არ ვიცით ამ ქვეყნის ეტიკეტი, მაგრამ ეს ბიჭი რუსია, წინააღმდეგები ხომ არ ხართ რომ ამოვიდეს"? – იკითხა ბენდის სოლისტმა ბრენდონ ფლაუერსმა. მის ნათქვამს მსმენელი ხმაურით შეხვდა.

სიმღერის დასრულების შემდეგ ფლაუერსმა სტვენას და მსმენელის ნაწილთა პროტესტს ასე უპასუხა:

"ვერ ხვდებით ვინმე შენი ძმაა თუ არა? ის თქვენი ძმა არ არის? ნუთუ ყველას ჩვენი ქვეყნის საზღვრები გვყოფს? მე არ ვარ თქვენ ძმა, რადგან ამერიკელი ვარ? მე ყველას ჩემს დებად და ძმებად მიგიჩნევთ".

ამ განცხადების შემდეგ ბევრმა ადამიანმა კონცერტი დატოვა".

Independent:

 

"The Killers-ს ბოდიშის მოხდა მოუწია, მას შემდეგ, რაც სოლისტმა ბრენდონ ფლაუერსმა ქართველ თაყვანისმცემლებს უთხრა, რომ კონცერტზე მყოფი რუსი მსმენელი მათი ძმაა.

ლას-ვეგასში დაფუძნებული ჯგუფის კონცერტი მსოფლიო ტურის ფარგლებში, ბათუმში, Black Sea Arena-ზე მიმდინარეობდა.

საქართველო საბჭოთა მმართველობისგან 1991 წელს გათავისუფლდა, 2008 წელს კი რუსეთი საქართველოში შეიჭრა.

დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში ბევრი რუსი ჩამოვიდა. შედეგად ქართველი ხალხი უკრაინას უჭერს მხარს".

Reuters:

"ამერიკულმა ალტერნატიულმა ბენდმა The Killers ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარებულ კონცერტზე სცენაზე რუსი დრამერი ამოიყვანა, ასევე იმისთვის, რომ თაყვანისმცემლებს "ძმები და დები" უწოდა. 

საქართველოს თავის ჩრდილოეთ მეზობელთან დაძაბულობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. სიტუაცია გამწვავდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით და ასევე რუსი ემიგრანტების დიდი ნაკადის შემოდინების გამო.

The Killers-მა მოგვიანებით ბოდიში მოიხიდა". 

BBC:

The Killers-ს ბოდიშის მოხდა მოუწია მას შემდეგ, რაც ვოკალისტმა ბრენდონ ფლაუერსმა სცენაზე რუსი თაყვანისმცემელი ამოიყვანა და მას დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრის უფლება მისცა.

მან ასევე მსმენელს უთხრა, რომ რუსი მათი "ძმაა", რასაც მსმენელის მხრიდან სტვენა და ნეგატიური შეძახილები მოყვა. 

საქართველოს, რომელმაც რუსეთისგან თავისუფლება 1991 წელს მოიპოვა მეზობელთან დაძაბული ურთიერთობის მრავალწლიანი ისტორია აქვს.

2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. 

მოგვიანებით ბენდმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა.

Black Sea Arena-ზე მომხდარს ასევე გამოეხმაურნენ გამოცემები: Stereogum, Uproxx, Newsweek, NME, Insider.


საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები: Imagine Dragons, The Killers, ბრუნო მარსი და სხვა. საქართველოს მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და "კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა".

კომენტარები