კონცერტები საქართველოში

ღარიბაშვილის კონცერტების არაადეკვატური ფასები

კონცერტები საქართველოში

ღარიბაშვილის კონცერტების არაადეკვატური ფასები

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი, Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება.

კამპანიის ფარგლებში თბილისსა და შეკვეთილს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები და ჯგუფები ეწვევიან, მათ შორის, The Killers და Imagine Dragons.

საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და "კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა".

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან და მისივე თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

23 აპრილს Black Sea Arena-მ The Killers-ის კონცერტის ბილეთების საფასო კატეგორიები გაასაჯაროვა. ფასებმა კი საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები 100 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე ადის. 100-ლარიანი ბილეთები, რომლებიც მცირე რაოდენობით იყო, ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისთანავე გაიყიდა, სხვა საფასო კატეგორიებში კი ბილეთის შეძენა ახლაც შესაძლებელია.

The Killers-ის და Imagine Dragons-ის ფასები ევროპის სხვადასხვა ქალაქსა და აშშ-ში

18-20 აგვისტოს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში Lovestream Festival გაიმართება, სადაც ჰედლაინერთა შორის The Killers და Imagine Dragons-იც იქნებიან.

The Killers-ის დღის ფასი 79 ევროა (218₾), თუმცა, ამავე დღეს, სცენაზე სხვა ცნობილი არტისტებიც იქნებიან, მათ შორის, alt-J, Martin Garrix და სხვა. Imagine Dragons-ის დღის ფასი კი 89 ევროა (245₾). 

აბონიმენტის ფასი კი 159 ევროა (440₾). ამ ფასად 3 დღის განმავლობაში მსმენელი ათობით არტისტის ხილვას შეძლებს.

119 ევრო (330₾) ღირს ბელგიის ქალაქ ჰასელტში Pukkelpop Festival-ის ნებისმიერი დღე. The Killers-ის გამოსვლის დღეს ფესტივალის ლაინაფში ისეთი არტისტები გვხვდებიან, როგორებიც არიან Florence + The Machine და Macklemore.

4-დღიანი  მულტიპასის ფასი კი 265 ევროა (730₾). ამ ფასად ზემოჩამოთვლილი არტისტების გარდა, ბილი აილიშის, Yungblud-ის, Years & Years-ის და სხვა ათობით მუსიკოსის მოსმენას შეძლებთ.

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში The Killers-ის კონცერტზე დასწრების ფასი  85 ფუნტია (265₾). მასთან ერთად კი ლეგენდარული The Smiths-ის გიტარისტის, ჯონი მარის მოსმენასაც შეძლებთ.

ჩრდილოეთ ირლანდიაში The Killers-ის და სხვა არტისტების მოსმენა 60 ფუნტი (185₾) დაგიჯდებათ.

აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში The Killers-ის კონცერტის ბილეთების ფასები 25 დოლარიდან (60₾) იწყება და 120 დოლარამდე (300₾) მერყეობს.

რაც შეეხება Imagine Dragons-ის ტურნეს, იტალიის ქალაქ რომში ჯგუფის მოსმენად 75 ევროდ (205₾) შეძლებთ. ხორვატიაში მათი კონცერტის ფასები 85 ევროდან (235₾) იწყება, პარიზში 65 ევროდან (180₾), პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში კი ამ ჯგუფის კონცერტის ბილეთების ყიდვას 115 ზლოტადაც (70₾) შეძლებთ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიო ბანკის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში მშპ ერთ სულზე 5 023 აშშ დოლარია, სლოვაკეთში $21 391, ბელგიაში $51 247, ხორვატიაში $17 685, საფრანგეთში $43 659, იტალიაში $35 657, გაერთიანებულ სამეფოში $46 510, აშშ-ში კი $70 248.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ფესტივალი თუ კონცერტი კერძო კომპანიების ორგანიზებულია და შესაბამისად ბილეთების ფასი კომერციულია.

Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გოგი ქავთარაძის აზრით, სახელმწიფოს საერთოდ არ უნდა ჩამოჰყავდეს არტისტები. რაც შეეხება ფასებს, ქავთარაძის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობას ზემოხსენებული არტისტები გადასახადების გადამხდელთა ფულით ჩამოჰყავს, ფასები კიდევ უფრო არაადეკვატურია.

“პირველ რიგში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს საერთოდ არ უნდა ჩამოჰყავდეს არტისტები. ანაქრონიზმია. სახელმწიფო ჩვენ ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და რატომ იღებს ვიღაც კონკრეტული მინისტრი ან პრემიერმინისტრი გადაწყვეტილებას ჩვენს ნაცვლად, რომ ჩვენი გადასახადებით ვიღაც მუსიკოსები ჩამოიყვანოს, გაუგებარია. თან ეს საარჩევნო ციკლს როდესაც ემთხვევა, გასაგებია რატომაც აკეთებენ ამას. როგორც ჩანს, ცდილობენ, ახალგაზრდები მოხიბლონ ამით. ეს მოქალეობრივი შეფასებაა. რაც შეეხება ფასებს, რაც უკვე ვთქვი, მაქედან გამომდინარე, ასეთ ძვირ ფასად ბილეთების გაყიდვა კიდევ უფრო გაუგონარი რამაა. ანუ ფულს იხდის ხალხი ამათ ჩამოყვანაში და მეორედ ახდევინებენ იგივე ხალხს ბილეთში უძვირეს ფასს. ვერ ვიტყვი რა უნდა იყოს ადეკვატური ფასი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე არაადეკვატურია პროექტი და ამიტომ შეფასებასაც აზრი არ აქვს. ოფენ ეარს მსგავსი კალიბრის (ფასის) არტისტები ზუსტად მაგიტომ ვერ ჩამოყავს, რომ ბილეთის (კომერციული) ფასი მაშინ ძალიან ძვირი უნდა იყოს (200-300 ლარი საშუალოდ) და რადგან ვიცით, რომ ამ ფასის გადახდა ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია მსგავსი ჰონორარის მქონე არტისტების ჩამოყვანისგან თავს ვიკავებთ. წამგებიანი იქნება ჩვენთვისაც და მსმენელისთვისაც. ვერავინ მოგებული ვერ დარჩება. ამას ემატება ისიც, რომ რადგან სახელმწიფოს შეუძლია ორმაგი ან სამმაგი (შეიძლება მეტის) ფასის გადახდა ნებისმიერ არტისტში, ეს აფუჭებს ბაზარს და სახელმწიფოსგან გაგზავნილი შეთავაზებები (რა ენაღვლებათ) აძვირებს არტისტების ფასს ქართული ბაზრისთვის, ანუ ჩვენთვის, კერძო ფესტივალისთვის. საბოლოო ჯამში, ვიღებთ სრულიად მახინჯ სურათს - ზარალდება როგორც მსმენელი, ისე კერძო ბიზნესი და საერთოდ ინდუსტრია, რომელიც არც თუ ისე უმნიშვნელოა საქართველოსთვის. თუნდაც ტურისტების რაოდენობა, რომელიც ჩვენს ფესტივალზე ჩამოდის, იმის საუკეთესო მაგალითია, რამდენად სასარგებლოა ეს ქვეყნისთვის და მისი ბიუჯეტისთვის. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეგვიწყონ განვითარებაში, მსგავსი პროექტებით ხელს გვიშლიან და ეს ძალიან სამწუხაროა”. - უთხრა ქავთარაძემ ტაბულას.

შპს ბლექ სი არენა თავდაპირველად ივანიშვილის პანამურ ოფშორს, ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალს ეკუთვნოდა, 2016 წლის ივლისში კი ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა ქართუ ფონდმა ობიექტი სახელმწიფოს “საჩუქრად” გადასცა.

დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ ქართუს ინიციატივით დაიწყო, ფონდის ცნობითვე მისი მშენებლობა $115 მილიონი დოლარი დაჯდა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია, ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2017-2021 წლებში კომპანიამ სახელმწიფოსგან ჯამში 38,451,000 ლარი მიიღო. ამასთან ერთად, კომპანია ბლექ სი არენა ყოველ წელს ზარალით ასრულებს, რისმა ჯამურმა რაოდენობამაც 2017 წლიდან 2021 წლამდე 23 მილიონ ლარს გადააჭარბა.

კომენტარები